
ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ საქართველოს მხრიდან რამდენიმე კომპანიამ განცხადება რუსეთში ცხოველური პროდუქტების ექსპორტზე 2020 წელს გაგზავნა და ამის შემდეგ კომუნიკაცია არ ყოფილა. მისი თქმით, კერძო კომპანიებს ახალ ბაზარზე გასვლა აინტერესებდათ და მთავრობას არანაირი ფარული მოლაპარაკებები არ ჰქონია.
"რაც შეეხება ფარულ მოლაპარაკებებს და რაღაც კონსპირაციებს, მე ვამბობ პასუხისმგებლობით საქართველოს მთავრობის სახელით ამას და ვიღაცეები რაღაცეებს რომ ლაპარაკობენ, ვისი სიტყვა არის უფრო მნიშვნელოვანი, ამ შემთხვევაში ჩვენ ვამბობთ კონკრეტიკას, და ვიღაცეები მსჯელობენ ამაზე, თავიანთ ვერსიებს ამბობენ და თავიანთ წარმოსახვას, ეს არის ჭორაობა. ჩვენ ვამბობთ კონკრეტულ ფაქტებს და კონკრეტული ფაქტი ერთადერთია, 2020-ში ქართულმა კომპანიებმა დააფიქსირეს სურვილი [...] სპეციალური პროცედურები როგორც არის იყო განცხადებები გაგზავნილი, ამის მერე არ ყოფილა არანაირი კომუნიკაცია და ჩვენ მივიღეთ კონკრეტული პასუხი იქიდან, ეს იყო პარასკევი თუ შაბათი, მათ შორის საჯაროდ გავრცელდა ეს ინფორმაცია", - თქვა დავითაშვილმა.
მისი განცხადებით, უნდა ჩავთვალოთ, რომ ეს თემა დახურულია - "არ მაინტერესებს რომელი ქვეყნის წარმომადგენელია, ოფიციალური პირია, კერძო პირია და რაღაც, დავამთავროთ ინსინუაციები".
უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობამ უკრაინის საელჩოს მოატყუა იმ მოლაპარაკებების შესახებ, რომელსაც უკრაინაში მიმდინარე ომის დროს, რუსეთის ფედერაციასთან მართავდა. გამოცემა წერს, რომ საქართველოს მთავრობამ, კვირას, ქართველი მომხმარებლებისა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის ურთიერთსაწინააღმდეგო შინაარსის განცხადება გაავრცელა.