"ოკუპანტები ფიქრობდნენ, რომ მოდიოდნენ ისეთ უკრაინაში, როგორიც მათ 2014-15 წლებში ახსოვთ, ქვეყანა, სადაც ხელს უწყობდნენ კორუფციას და არ ეშინოდათ" - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს.
ზელენსკი ამბობს, რომ პარტნიორებთან საუბრის გარკვეულ დეტალებს ვერ გაასაჯაროებს, რადგან ეს რუსმა ოკუპანტებმა ვერ უნდა გაიგონ.
ასევე, ახალი მხარდაჭერისთვის მადლობელი ვარ პრეზიდენტი ჯო ბაიდენის. სამწუხაროდ, დეტალებზე საუბრის უფლება არ მაქვს, რადგან ეს ჩვენი თავდაცვის სტრატეგიაა. მტერი ვერ უნდა მიხვდეს, რას უნდა ელოდოს ჩვენგან, ისევე როგორც მათ არ იცოდნენ რა სიურპრიზებს მოვუმზადებდით 24 თებერვალს, როგორ შევძლებდით თავის დაცვას და როგორ ვუპასუხებდით მათ. ოკუპანტები ფიქრობდნენ, რომ მოდიოდნენ ისეთ უკრაინაში, როგორიც მათ 2014-15 წლებში ახსოვთ, ქვეყანა, სადაც ხელს უწყობდნენ კორუფციას და არ ეშინოდათ.
უკვე 22 დღეა, მტრისთვის შექმნილი მოულოდნელობები ფართომასშტაბიანი თავდასხმების მოგერიებაში გვეხმარება. ამასთან, ვერ გაგიმხელთ მოლაპარაკებების დეტალებს, რადგან ეს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და თავისუფლების დასაცავად კეთდება, - ამბობს ზელენსკი.