უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საომარი ვითარებების დროს დაზარალებული მოსახლეობის დახმარებისა და ეკონომიკის აღდგენის სამპუნქტიანი გეგმა წარადგინა.
ამის შესახებ მან გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა და თქვა ისიც, რომ გაუქმდება ქვეყანაში
ტვირთის შეტანასთან დაკავშირებული ყველანაირი გადასახადი. შეღავათები დაუწესდება მოსახლეობის იმ ნაწილსაც, ვისთანაც თავს დროებით, იძულებით გადაადგილებული პირები აფარებენ.
რას აპირებს ზელენსკი:
ამ დღეებში მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მესაზღვრეები გადაამზადოს. ისინი ჩვენი ჯარისთვის შეიარაღებას იმდენად სწრაფად შემოიტანენ, რამდენის უფლებასაც ფიზიკის კანონი მოგვცემს. ვაუქმებთ ყველანაირ გადასახადს, ყველანაირ ბიუროკრატიას, ყველანაირ დოკუმენტს, რომელიც ტვირთის შემოტანასთანაა დაკაშირებული. ძალიან მნიშვნელოვანია, ადამიანებმა სწრაფად იმოქმედონ.
პარლამენტის სპიკერი, რუსლან სტეფანჩუკი და შესაბამისი კომიტეტი მუშაობს ამ საკითხზე, რომ ამ ინოვაციას მხარი დაუჭირონ. ვაცხადებ, რომ ეს გადაწყვეტილება ჩვენი სახელმწიფოს თავდაცვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ეს საომარი მდგომარეობის დროს ნორმალური ცხოვრების შენარჩუნებაში დაგვეხმარება. მინდა თითოეულ დეპუტატს ვთხოვო, მხარი დაუჭიროს ამ ინიციატივას, რადგან ეს არ არის არც ოპოზიციისთვის, არც მთავრობისთვის, ეს არის ქვეყნისთვის. პიარი ომში გამარჯვების შემდეგი პერიოდისთვის გადავდოთ.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც საომარი მოქმედებების შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი უკრაინელების დახმარებას ეხება. შესაბამის კომიტეტს მოვუწოდე, შეიმუშაონ მთელი რიგი პროგრამები, რომლებიც მათ დაეხმარება. უკვე გვაქვს ამ პროგრამის მონახაზი, რომელიც ფინანსურ მხარეს უკავშირდება. ასევე, სამუშაო ადგილებით უზრუნველყოფა ადამიანების, რომლებიც დროებით სხვაგან იმყოფებიან. ეს კეთდება იმისთვის, რომ თითოეულ ზრდასრულსა და ბავშვს ცხოვრების ნორმალურად გაგრძელების საშუალება ჰქონდეს.
მესამე კომპონენტი, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ეხება იმ ადამიანებს, ვინც საომარი მოქმედებების ზონიდან გამოსული მოსახლეობა შეიფარა. მათ ყველა სახის კომუნალური გადასახადი გაუუქმდებათ მანამ, სანამ ეს ადამიანები მათთან იცხოვრებენ.
ჩვენი პრემიერმინისტრი დენის შმიგალი უახლოეს საათებში ამ პროგრამების შინაარსს გაასაჯაროებს, - აცხადებს ზელენსკი.