საქართველოს პრორუსული ხელისუფლება - ეს სკანდალური განცხადება გერმანიის ფედერაციულმა პროკურატურამ გაავრცელა. თითქმის ერთწლიანი გამოძიების შემდეგ, გერმანიის პროკურატურა ღიად აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი, ბერლინში, რუსეთის მთავრობის დაკვეთით მოკლეს. "მთავარი" ხანგოშვილის ძმას დაუკავშირდა, რომელიც საქართველოდან ასევე წასულია. ზურაბ ხანგოშვილი ამბობს, რომ ეჭვიც არ ეპარებოდა იმაში, რომ მისი ძმის მკვლელობა სწორედ კრემლში დაიგეგმა. 

ზურაბ ხანგოშვილი დარწმუნებულია, რომ მის ძმაზე საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული თავდასხმის უკან რუსეთის სპეცსამსახურების გარდა, საქართველოს ძალოვანი უწყების წარმომადგენლებიც იდგნენ. საქართველოს მთავრობა რუსეთის დაკვეთებს ასრულებს. ამ განცხადებას მოკლულის ძმა დღეს უკვე ღიად აკეთებს.

ზელიმხან ხანგოშვილს თბილისში თავს 2015 წელს დაესხნენ, მას რვა ტყვია ესროლეს და ოთხი მოხვდა. ქუჩის კამერებში ჩანდა, რომ თავდამსხმელი არაფერს გაურბოდა და მშვიდად დატოვა ტერიტორია. ზელიმხან ხანგოშვილმა რამდენიმე კვირა გაატარა საავადმყოფოში, ხელისუფლებამ, ამის მიუხდავად, მისი საქმე სერიოზულად არ მიიჩნია. არც თავდამსხმელი უძებნია და არც მის უსაფრთხოებაზე უზრუნია. ის რომ ზელიმხან ხანგოსვილი საქართველოში თავს დაცულად ვერ გრძნობდა, ამაზე პანკისში უხუცესები საუბრობენ. უხუცესები არაფერს ამტკიცებენ, თუმცა ეჭვობენ, რომ "ქართული ოცნების" მთავრობამ საკუთარი მოქალაქის უსაფრთხოება შეგნებულად არ დაიცვა.

რას გულისხმობდა გერმანიის ფედერაციული პროკურატურა, როდესაც საქართველოს მთავრობის პრორუსულობაზე საუბრობდა -  ეს კითხვა გერმანიის ელჩს დავუსვით. დიპლომატმა დიპლომატიური პასუხი გაგვცა. განაცხადა, რომ საგამოძიებო უწყება ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებულ განხილვაში არ უნდა შედიოდეს. 

ის, რაც ძალიან მკაფიოდ ითქვა გერმანიის პროკურატურის მიერ, გაუგებარია უმრავლესობისთვის. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე საქართველოს ხელისუფლების პრორუსულობაზე გაკეთებულ ჩანაწერს ტექნიკურ შეცდომად აღიქვამს. 

ის, რაც ტექნიკური ხარვეზია მმართველი გუნდისთვის, აშკარა გზავნილია ოპოზიციისთვის. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ევროპაში ივანიშვილის მთავრობის საგარეო კურსი კითხვის ნიშნებსაც აღარ ტოვებს. 

გერმანიის პროკურატურის სკანდალურ განცხდებას ეხმაურებიან ექსპერტებიც. მათთვის სახელმწიფო ორგანოს გზავნილი გაცილებით მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია, ვიდრე თუნდაც უმაღლესი რანგის პოლიტიკოსების განცხადებები. 

ჩეჩნეთ-რუსეთის ომის მონაწილე საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი პუტინის რუსეთის მხრიდან ზეწოლისა და დევნის ობიექტი დიდი ხნის განმავლობაში იყო. მას შემდეგ, რაც ზელიმხან ხანგოშვილი მიხვდა, რომ "ქართული ოცნება" რუსეთის საწინააღმდეგოდ მისი ინტერესებისა და უსაფრთხიოების დაცვას არ აპირებდა, მან ქვეყანა დატოვა. თუმცა, პუტინის დაკვეთით, ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში გასული წლის 23 აგვისტოს მაინც მოკლეს. გერმანიის ოფიციალური პირების განცადების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებას ამ დრომდე არ გაუპროტესტებია მისი მოქალაქის მკვლელობა ოკუპანტი სახელმწიფოს მხრიდან. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი