"არ უნდა დავუშვათ, რომ რუსეთმა ნატოში, ევროკავშირსა და დიდ შვიდეულში ვინმე გატეხოს და გადაიბიროს" | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

"არ უნდა დავუშვათ, რომ რუსეთმა ნატოში, ევროკავშირსა და დიდ შვიდეულში ვინმე გატეხოს და გადაიბიროს" - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს და 24 მარტს ბრიუსელში დაგეგმილ სამიტებს ეხმაურება.

24 მარტს ბრიუსელში ერთდროულად სამი მნიშვნელოვანი, ნატოს, ევროკავშირისა და დიდი შვიდეულის სამიტი გაიმართება. თითოეულ მათგანს ჩვენი უსაფრთხოებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. დარწმუნებული ვარ, ადამიანები მოახდენენ ჩვენი მხარდაჭერის დემონსტრირებას, თუმცა მთავარია ჩვენი მხარდაჭერა პოლიტიკოსებმა გამოხატონ. ყველა მათგანმა მხარი უნდა დაუჭიროს სიცოცხლისთვის ბრძოლას. ნატოსგან, დიდი შვიდეულისა და ევროკავშირისგან სერიოზულ სიგნალებს ველოდებით. 

რუსებმა უკვე დაიწყეს თავიანთი ინტერესების ლობირება და ეს ინტერესებია ომის შესახებ. ვიცით, რომ ისინი გარკვეულ პარტნიორებთან მუშაობენ. მათ უნდათ, რომ ომის წინააღმდეგ გამოსვლის მუხტი ჩაახშონ. სამივე სამიტზე ჩვენი მკაფიო პოზიცია დაფიქსირდება. დავინახავთ, ვინ არის მეგობარი და პარტნიორი და ვინ გაიყიდა. სიცოცხლეების დაცვა მხოლოდ ერთიანობითაა შესაძლებელი. 

უკრაინის ცა ამ დრომდე არ არის უსაფრთხო რუსული ბომბებისა და თვითმფრინავებისთვის. ამ დრომდე არ მიგვიღია თვითმფრინავები და ანტისარაკეტო დანადგარები, ასევე ტანკები და საზღვაო სამხედრო ტექნიკა. რუსებს ისეთ აქვთ შესაძლებლობა, ათასობით ადამიანი დახოცონ, გაანადგურონ ქალაქები. ოკუპანტები ძალიან ბევრნი არიან, მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთი ამ ბინძური ომისთვის ათწლეულები ემზადებოდა. 

ჩვენ ცის ჩაკეტვა და შეიარაღებით დახმარება გთხოვეთ. ალიანსს ვთხოვეთ გამოეცხადებინა, რომ დაგვეხმარებოდა ტერიტორიების გაწმენდასა და მშვიდობის დამყარებაში. თავისუფალო ხალხო, არ უნდა დავუშვათ, რომ რუსეთმა ნატოში, ევროკავშირსა და დიდ შვიდეულში ვინმე გატეხოს და გადაიბიროს. ამ ყველაფერს 24 მარტს დავინახავთ, - აცხადებს ზელენსკი.

ზელენსკის ახალი მიმართვა - სრული ვერსია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი