"ჩვენი პოზიცია და მოთხოვნა მაგიდაზე დევს - ჩვენ მშვიდობა გვჭირდება, პასუხი თქვენზეა" - ზელენსკი ნატოს [მიმართვა სრულად]

გამოქვეყნდა:

საშინელი ომის დროს, კიდევ უფრო დიდი საშინელება პასუხის უქონლობაა - ამ სიტყვებით მიმართა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერებს, ბრიუსელში მიმდინარე სამიტზე.

უკრაინის პრეზიდენტი ვიდეოფორმატით ჩაერთო და კიდევ ერთხელ შეახსენა ალიანსს თავის ფუნქციები.

ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლა სრულად: 

მოგესალმებით კიევიდან, რომელიც უკვე ერთი თვეა, ისე იბრძვის როგორც მთელი ჩვენი სახელმწიფო. მართალია რომ ჩვენ ალიანსის, ანუ მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო გაერთიანების წევრები არ ვართ. ისეთი შეგრძნება გვაქვს რომ დასავლეთსა და რუსეთს შორის გზა გასაყარზე ვდგავართ, თუმცა ვიცავთ ჩვენს საერთო ღირებულებებს.  ათწლეულების განმავლობაში რუსეთმა დიდი სამხედრო რესურსი დააგროვა. მათ შორის ბომბები და რაკეტები. სანამ მსოფლიო სიცოცხლეს აფინანსებდა, რუსეთი ინვესტიციებს სიკვდილში დებდა. უკრაინა მედგრად დგას და ამისთვის ძალიან დიდ საფასურს ვიხდით. მათ შორის განადგურებული ქალაქებისა და ათასობით ადამიანის სიცოცხლის სახით. ომის გამო რამდენიმე მილიონი ადამიანი იძულებული გახდა სახლები დაეტოვებინა. ისინი ახლა ნატოს წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე იმყოფებიან. მადლობა ამ მხარდაჭერისთვის. 
ომის 1 თვის განმავლობაში რუსეთმა ჩვენს წინააღმდეგ უკვე 1000 რაკეტა გაისროლა. რამდენიმე ასეული ფრენა განახორციელა. ჯერ კიდევ 24 თებერვალს მოგმართეთ  სრულიად ლოგიკური თხოვნით - მოგმართეთ რათა უკრაინის ცა ჩაგეკეტათ. ასევე გთხოვეთ რომ ჩვენი ხალხი რუსული რაკეტებისგან დაგეცვათ. ჩვენ მკაფიო პასუხი არ მოგვისმენია. ომის შედეგებს ხედავთ. უკრაინული არმია, მტერს არათანაბარ პირობებში მედგრად ებრძვის. უკრაინას საკუთარი მოქალაქეების დასაცავად სამხედრო დახმარება სჭირდება. ასევე მოგმართეთ რომ საავიაციო დახმარება გაგეწიათ და თვითმფრინავები მოგეცათ - თუმცა ჯერჯერობით ერთიც კი არ მიგვიღია, მიუხედავად იმისა რომ ათასობით გყავთ

მოგმართეთ თხოვნით ტანკები მოგეცათ იმ ქალაქების დასაცავად რომელიც ახლა ნადგურდება. მარიუპოლი, ბერდიანსკი, მელიტოპოლი და კიდევ სხვა ათობით ქალაქი. ქალაქები, სადაც რუსეთს ასობით ათასი მოქალაქე ტყვედ ჰყავს აყვანილი. წარმოიდგინეთ, ამ ადამიანებს ელემენტარული საკვებიც კი არ აქვთ. 
თქვენ  20 ათასზე მეტი ტანკი გყავთ, ჩვენ მეასედი გთხოვეთ, ანუ 20 ათასი ტანკის 1 პროცენტი - გთხოვეთ, რომ მოგეცათ ან მოგეყიდათ, თუმცა პასუხი არ მიგვიღია. საშინელი ომის დროს, კიდევ უფრო დიდი საშინელება პასუხის უქონლობაა. უკრაინას ეს ომი არასოდეს სურდა და არც ახლა სურს. უბრალოდ ჩვენი მოქალაქეების დაცვა გვინდა. გვინდა რომ ვიცოცხლოთ, როგორც მსოფლიოს ნებისმიერ ერს, ჩვენც გვაქვს სიცოცხლის უფლება. 
მინდა სწორად გამიგოთ, ჩვენი ქალაქების განადგურებაში თქვენ არ გადანაშაულებთ, ეს თქვენი ბომბები და რაკეტები არ არის. დღეს კიევში ფოსფორული ბომბები გამოიყენეს. დაიღუპნენ როგორც ბავშვები, ასევე ზრდასრული ადამიანები. ალიანსს ჯერ კიდევ შეუძლია უკრაინელების სიცოცხლე გადაარჩინოს. ამისთვის კი აუცილებელია დაგვეხმარეთ და გაგვიწიეთ ის დახმარება, რასაც ვითხოვთ. 
პრეტენზიებს არ გიყენებთ, თუმცა უკრაინელები ვერასოდეს იფიქრებდნენ რომ ალიანსი და ალიანსის წევრი ქვეყნები ერთმანეთისგან განსხვავდებიან. ვერც იმას ვიფიქრებდით რომ სიცოცხლეებს ცალ- ცალკე დაიცავდით და ერთად არა.  ვერ ვიფიქრებდით რომ ნატოს რუსეთის მოქმედებების შეეშინდებოდა. დარწმუნებული ვარ, ნატოს კარგად ესმის,  რომ რუსეთი უკრაინაზე შეჩერებას არ აპირებს. მას სურს რომ წინ წავიდეს. უნდა რომ ნატოს დასავლელ წევრებს შეუტიოს. შემდეგი სამიზნე პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები არიან. იმოქმედებს თუ არა ნატო და ინერვიულებს თუ არა ამაზე, ვის შეუძლია ამაში დარწმუნებული იყოს, ან გჯერათ თუ არა რომ მე-5 მუხლი იმოქმედებს ?! ბუდაპეშტის მემორანდუმმა უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად ვერ იმუშავა. გულწრფელად გეტყვით რომ ბუდაპეშტი უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად არ მუშაობს. 
მადლობელი ვარ ალიანსის იმ წევრი ქვეყნების, რომლებიც ცალკე გვეხმარებიან. მადლობა თითოეულ მათგანს, მაგრამ ალიანსი ? მეხუთე მუხლი ხომ ფუნდამენტალურია ?! გვინდა იცოდეთ რასაც ამის შესახებ ვფიქრობთ. გისურვებთ, რომ ჩვენ ჩვენს ფიქრებში, ეჭვებსა და შეფასებებში შევცდეთ და თუ ეს ასე მოხდება მსოფლიო უსაფრთხოდ იქნება, მაგრამ თუ 1 პროცენტით მაინც აღმოვჩნდებით მართლები, გთხოვთ გადახედეთ თქვენს დებულებებს.
თქვენი რეალური მოვალეობაა, როგორც ევროპაში, ასევე მთელს მსოფლიოში მშვიდობის დამყარება. შეგიძლიათ თქვენი თვითმფრინავებისა და ტანკები მეასედი მოგვცეთ, ან უბრალოდ მოგვყიდოთ, თუმცა ეს ნატოს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული. 
თუ ჩვენ ძლიერი სამხედრო შეიარაღება გვექნება, ეს როგორც ჩვენს, ასევე თქვენს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ვითხოვ, უკრაინელი ჯარისკაცების მიერ რუსეთის არმიასთან ასეთი მედგარი ბრძოლის შემდეგ - გთხოვთ, არასოდეს არ გვითხრათ რომ უკრაინული არმია ნატოს სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.
ჩვენი სტანდარტები უკვე განახეთ. ჩვენს ჯარს შეუძლია ევროპის უსაფრთხოებას ბევრი შესძინოს, მაგრამ ამავდროულად ნატომ უნდა დაგვანახოს, რომ ის ყველაზე მნიშვნელოვანი თავდაცვითი ორგანიზაციაა. ამას ელოდება მსოფლიო და ამას ელოდება უკრაინა. ჩვენი პოზიცია და მოთხოვნა მაგიდაზე დევს - ჩვენ მშვიდობა გვჭირდება, პასუხი მხოლოდ თქვენზეა. მადლობა მათ ვინც გვეხმარება. დიდება უკრაინას" თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის მიმართვაში.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი