ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა ნატოს - უკრაინის პრეზიდენტმა ჩრდილოატლანტიკური ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერებს საგანგებო სამიტზე ვიდეოფორმატით მიმართა და იმ ერთთვიან რუსულ აგრესიაზე ისაუბრა, რომელშიც უკრაინა 24 თებერვლიდან დღემდე ცხოვრობს:
"მოგესალმებით კიევიდან, რომელიც უკვე ერთი თვეა, ისე იბრძვის როგორც მთელი ჩვენი სახელმწიფო. მართალია რომ ჩვენ ალიანსის, ანუ მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო გაერთიანების წევრები არ ვართ. ისეთი შეგრძნება გვაქვს რომ დასავლეთსა და რუსეთს შორის გზა გასაყარზე ვდგავართ, თუმცა ვიცავთ ჩვენს საერთო ღირებულებებს. ათწლეულების განმავლობაში რუსეთმა დიდი სამხედრო რესურსი დააგროვა. მათ შორის ბომბები და რაკეტები. სანამ მსოფლიო სიცოცხლეს აფინანსებდა, რუსეთი ინვესტიციებს სიკვდილში დებდა. უკრაინა მედგრად დგას და ამისთვის ძალიან დიდ საფასურს ვიხდით. მათ შორის განადგურებული ქალაქებისა და ათასობით ადამიანის სიცოცხლის სახით. ომის გამო რამდენიმე მილიონი ადამიანი იძულებული გახდა სახლები დაეტოვებინა. ისინი ახლა ნატოს წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე იმყოფებიან. მადლობა ამ მხარდაჭერისთვის.
ომის 1 თვის განმავლობაში რუსეთმა ჩვენს წინააღმდეგ უკვე 1000 რაკეტა გაისროლა. რამდენიმე ასეული ფრენა განახორციელა. ჯერ კიდევ 24 თებერვალს მოგმართეთ სრულიად ლოგიკური თხოვნით - მოგმართეთ რათა უკრაინის ცა ჩაგეკეტათ. ასევე გთხოვეთ რომ ჩვენი ხალხი რუსული რაკეტებისგან დაგეცვათ. ჩვენ მკაფიო პასუხი არ მოგვისმენია. ომის შედეგებს ხედავთ. უკრაინული არმია, მტერს არათანაბარ პირობებში მედგრად ებრძვის. უკრაინას საკუთარი მოქალაქეების დასაცავად სამხედრო დახმარება სჭირდება. ასევე მოგმართეთ რომ საავიაციო დახმარება გაგეწიათ და თვითმფრინავები მოგეცათ - თუმცა ჯერჯერობით ერთიც კი არ მიგვიღია, მიუხედავად იმისა რომ ათასობით გყავთ." თქვა ზელენსკიმ
იხილეთ ასევე: