გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც უკრაინაში დახმარების ხელმისაწვდომობასა და სამოქალაქო პირების დაცვას ითხოვს და რუსეთს "საშინელი" ჰუმანიტარული სიტუაციის შექმნის გამო აკრიტიკებს.
Aljazeera-ს ცნობით, უკრაინისა და მისი მოკავშირეების მიერ მომზადებულ რეზოლუციას მხარი ასამბლეის თითქმის სამმა მეოთხედმა დაუჭირა - 140 მომხრე და ხუთი წინააღმდეგი, რომელთა შორის არიან რუსეთი, სირია, ჩრდილოეთ კორეა, ერითრეა და ბელარუსი. ცნობილია, რომ 38-მა ჩინეთმა, მათ შორის ჩინეთმა, პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა.
24 მარტს მიღებული რეზოლუცია მშვიდობიანი მოქალაქეების, სამედიცინო პერსონალის, დამხმარე მუშაკების, ჟურნალისტების, საავადმყოფოებისა და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაცვას გულისხმობს. აქვე, საუბარია მარიუოლის ალყის შეწყვეტის აუცილებლობაზეც.
გამოცემა ასევე წერს, რომ დოკუმენტი 2 მარტს მიღებული რეზოლუციას ახმოვანებს და მოსკოვს ბრძოლის შეწყვეტისა და უკრაინიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს.
ცნობისთვის, 2 მარტს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულ ომთან დაკავშირებით კიდევ ერთი რეზოლუცია მიიღო. მაშინ გაერო მოსკოვისგან ძალის გამოყენების შეწყვეტასა და უკრაინიდან ჯარის გაყვანას მოითხოვდა.
2 მარტს რეზოლუციას მხარი 141-მა ქვეყანამ დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 5: რუსეთი, ბელორუსი, სირია, ჩრდილოეთ კორეა და ერითრია, 35-მა ქვეყანამ თავი შეიკავა, მათ შორის იყვნენ, ჩინეთი, ინდოეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ყაზახეთი, პაკისტანი, ირანი, ერაყი და კუბა.