გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგში საქმეს ვერ მოიგებს. მისი თქმით, ის, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დასაშვებად ცნო სარჩელი და საქმის წარმოება დაიწყო, დაცვის მხარის გამარჯვება არ არის.
შოთაძე ირწმუნება, რომ სტრასბურგში სახელმწიფო მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ "სერიოზული არგუმენტებით" იქნება წარმოდგენილი.
"ეს გამარჯვება არის თუ დამარცხება, ამაზე საუბარი ნაადრევია. დაცვა თუ ამას გამარჯვებად მიიჩნევს, ძალიან საოცარია. ალბათ ისინი გამარჯვებად მიიჩნევენ იმ ფაქტს, რომ სტრასბურგს 6 თვის ნაცვლად თვენახევრის დაგვიანებით მიმართეს და პანდემიის გათვალისწინებით სტრასბურგის სასამართლომ ეს საპატიოდ ჩათვალა, დასაშვებად ცნო სარჩელი. ალბათ ეს არის მათთვის გამარჯვება, რომ ეს შეცდომა ეპატიათ. მეტი მათი გამარჯვების არანაირი ნიშანწყალი არ არსებობს.
რაც შეეხება ე.წ. პოლიტიკურ მართლმსაჯულებას, საზოგადოებას შევახსენებ იმ საქმეებს, რომელ საქმეებზე მიხეილ სააკაშვილი არის მსჯავრდებული თუ ბრალდებული. საუბარია სანდრო გირგვლიანის საქმეზე, საუბარია ვალერი გელაშვილზე თავდასხმაზე, 7 ნოემბრის მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევაზე, კერძო ტელევიზია „იმედში“ შეჭრაზე და დარბევაზე, საუბარია ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისთვის ქონების წართმევაზე, ასევე, მილიონობით ლარის არამიზნობრივად ხარჯვაზე. შესაბამისად, აქ რა პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე ვსაუბრობთ, სრულიად გაუგებარია", - თქვა შოთაძემ.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის მიმართ შესაძლო არაადამიანური მოპყრობას, გენპროკურორი ამბობს, რომ ამასთან დაკავშირებულ კითხვებს გამოძიება უპასუხებს.
"თქვენ ელაპარაკებით გენერალურ პროკურორს და თითოეული ჩემი პასუხი არის სამართლებრივი. სამართლებრივად შემიძლია გიპასუხოთ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ჩვეულებრივი პატიმარი. რაც შეეხება მისი გადაყვანის საკითხს და მის მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობის ჩადენის შესაძლო ფაქტს, ამ საკითხზე გამოძიება მიმდინარეობს... მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ყველა უფლება არის დაცული", - თქვა შოთაძემ.
ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ყველა არგუმენტი გაიზიარა და საქმის არსებით განხილვას იწყებს. წარდგენილ დოკუმენტებში ორ ეპიზოდზეა საუბარი. ესენია ე.წ. "ვალერი გელაშვილის საქმე", სადაც ადვოკატების განმარტებით, გამამტყუნებელი განაჩენი საქართველოს სასამართლომ ისე გამოიტანა, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ ირიბი მტკიცებულებაც კი არ არსებობს. მეორე ეპიზოდი ე.წ. "შეწყალების საქმეს" უკავშირდება, სადაც სააკაშვილი, პრეზიდენტის აბსოლუტური დისკრეციის ბოროტად გამოყენების გამო გასამართლდა, რაც უფლებადამცველების თქმით, სამართლებრივი აბსურდია.
ამავე თემაზე: