"შეგვიძლია, მოლაპარაკებების მაგიდიდან გაჟღერებულ სიგნალებს პოზიტიური ვუწოდოთ, მაგრამ ეს სიგნალები ჭურვის აფეთქების ხმას ვერ ფარავენ" - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს.
ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინელები რუსების ნდობის საფუძველს ვერ ხედავენ და მათ მხოლოდ კონკრეტული შედეგებისა და ფაქტების ნდობა შეუძლიათ.
შეგვიძლია, მოლაპარაკებების მაგიდიდან გაჟღერებულ სიგნალებს პოზიტიური ვუწოდოთ, მაგრამ ეს სიგნალები ჭურვის აფეთქების ხმას ვერ ფარავენ. ამიტომ ჩვენ ჯერჯერობით ვერ ვხედავთ საფუძველს, ნდობა გამოვუცხადოთ იმ სახელმწიფოს წარმომადგენლებს, რომელიც ჩვენს გასანადგურებლად ბრძოლას განაგრძობს. უკრაინელები მიამიტები არ არიან და შემოჭრიდან 34 დღის განმავლობაში ეს მათ კარგად აჩვენეს. ბოლო 8-წლიანი ომიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ვენდოთ მხოლოდ კონკრეტულ შედეგებსა და ფაქტებს.
უკრაინა კონცენტრირებულია მოლაპარაკებებზე და ჩვენ ვაპირებთ, პროცესი ბოლომდე მივიყვანოთ. გათვლა გვაქვს კონკრეტულ შედეგებზე. უნდა მივიღოთ რეალური გარანტიები ჩვენთვის და ჩვენი ქვეყნისთვის, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის. ასევე, ჩვენი ხალხისთვის. მტერმა ორი ოკუპირებული რეგიონი უნდა დატოვოს. უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა გარანტირებული უნდა იყოს. შეუძლებელია, უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებით რაიმე სახის კომპრომისი განვიხილოთ. ეს მოლაპარაკებების შედეგის მკაფიო სიგნალი და ხედვაა, - განაცხადა ზელენსკიმ.