"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი მირდატ ქამადაძე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აგიტაციაში ადანაშაულებს.
მისი თქმით, ინსტრუქციაზე, რომელიც ურიგდება ამომრჩევლებს, გაფერადებულია რიგით მეორე ნომერი, რომელიც მმართველი გუნდის კანდიდატს, რამაზ ჯინჭარაძეს ეკუთვნის.
"ამ ეტაპისთვის გვაქვს სახეზე რამდენიმე ტექნიკური და არა მხოლოდ ტექნიკური ხასიათის დარღვევა. რამდენიმე უბანი გაიხსნა დაგვიანებით. განსაკუთრებით დაგვიანებით გაიხსნა 23-ე უბანი (16 წუთი), ასევე, 76-ე უბანი 20 წუთის დაგვიანებით გაიხსნა, 89-ე უბანზე აპარატი სიას არ ბეჭდავს, 23-ე უბანზე სამიდან ორი აპარატი არ მუშაობს.
სამწუხაროა, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია, ნაცვლად იმისა, რომ უზრუნველყოფდეს არჩევნების სამართლიან და სწორ ჩატარებას, ის დაკავებულია აგიტაციით "ქართული ოცნების" სასარგებლოდ.
ამ ეტაპისთვისაც ყველა 14-ვე უბანთან შეინიშნება ადამიანების მობილიზება. მაგრამ ჩვენი მთავარი ინტერესია, არჩევნებმა ჩაიაროს მშვიდ გარემოში", - თქვა მირდატ ქამადაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს ორ მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტისა და ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის თანამდებობაზე 2 კანდიდატი იყრის კენჭს - მათე ფუტკარაძე "ნაციონალური მოძრაობიდან" და რამაზ ჯინჭარაძე "ქართული ოცნებიდან".
10:00 საათის მონაცემებით, ბათუმის მე 4 მაჟორიტარული ოლქში ამომრჩეველთა 8 პროცენტი გამოცხადდა.
ამავე თემაზე: