უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას თქმით, "საშინელება, რომელიც ბუჩაში ვნახეთ, აისბერგის წვერია ყველა იმ დანაშაულის, რომელიც რუსეთის არმიამ უკრაინაში ჩაიდინა".
კულებამ კომენტარი ვარშავაში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მან ევროკავშირსა და დიდ შვიდეულს რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციებისკენ მოუწოდა, ასევე მოითხოვა, რომ რუსეთი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან გარიცხონ.
"დასავლეთი აგრძელებს რუსული საომარი მანქანის ამუშავებას წიაღისეული საწვავისთვის გადახდებით, ვაჭრობით, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება რუსეთსა და დასავლურ ქვეყნებს შორის, ფინანსური ტრანზაქციებით, რომლებიც ხორციელდება რუსული ბანკების მეშვეობით, რომლებიც SWIFT-დან ჯერ არ გათიშულა. თუ თქვენ გაქვთ ეჭვები, არ გინდათ ან გაქვთ არგუმენტი რუსეთთან ბიზნესის გაგრძელების აუცილებლობის შესახებ, მაშინ ჯერ წადით ბუჩაში და მერე მელაპარაკეთ",-თქვა კულებამ.
კულებამ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინამ კიევში ბრძოლა მოიგო, თუმცა მისი თქმით, ახლა რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეტევისთვის ემზადება.
"გადაჭარბების გარეშე, დიდი მწუხარებით შემიძლია გითხრათ, რომ სიტუაცია მარიუპოლში გაცილებით უარესია ბუჩასთან და კიევის მიმდებარედ სხვა ქალაქებთან და სოფლებთან შედარებით",-აღნიშნა მან.
ამავე თემაზე: