რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო დასავლეთს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებისა და შეერთებული შტატების სენატის მიერ Lend-Lease-ის პროგრამის დამტკიცების გამო აკრიტიკებს.
უწყების სპიკერმა, მარია ზახაროვამ ვლადიმერ სალავიოვის გადაცემაში თქვა, რომ "აშშ და ნატოს სხვა ქვეყნები უკვე დიდი ხანია, უკრაინაში იარაღის გადასატანად ემზადებიან".
"ნატო უკრაინაში ჩართული იყო აქამდეც და ახლაც. ეჭვგარეშეა, რომ ამ ყველაფრისთვის მზადება მიდიოდა პოლიტიკურად, საინფორმაციო კუთხით. ეს ყველაფერი მოხდა ნატოს სტრუქტურების ხელმძღვანელობითა და კონტროლით", - თქვა ზახაროვამ.
მანვე აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში უკრაინასთან მოლაპარაკების პროცესი უშედეგო იყო, რადგან კიევის "რეჟიმის" მიღმა აშშ იდგა.
"ნორმანდიის ფორმატიც კი, იმის მიუხედავად, რომ როგორც თავად პოზიციონირებენ, მასში დასავლეთის ორი გიგანტი - გერმანია და საფრანგეთი იყო ჩართული, უშედეგო აღმოჩნდა. მათ ვერაფერს მიაღწიეს კიევთან, იმიტომ რომ კიევის ყოველი სიტყვის უკან ვაშინგტონი იდგა, ამ სიტყვის სრული გაგებით", - თქვა ზახაროვამ.
ცნობისთვის, სახელმწიფო პროგრამა სახელწოდებით Lend-Lease მეორე მსოფლიო ომის დროს შეიქმნა და განიხილებოდა, როგორც სიტუაციის შემცვლელი კონფლიქტში, რადგან ის საშუალებას აძლევდა აშშ-ს, სწრაფად შეევსო მოკავშირეების საჭიროებები შრომატევადი პროცედურული დაბრკოლებების გარეშე.
ამავე თემაზე: