უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, რუსეთთან მოლაპარაკებები გრძელდება. პოდოლიაკმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.
"მოლაპარაკებები უკიდურესად რთულია. ვმუშაობთ ონლაინ ჯგუფებში. მაგრამ ის გრძელდება. ნათელია, რომ ახლა მოლაპარაკებების პროცესში ემოციური ფონი მძიმეა. ასევე აშკარაა, რომ უკრაინის დელეგაცია მუშაობს მხოლოდ პროუკრაინულ და გამჭვირვალე ჩარჩოში. ასევე ცხადია, რუსული მხარე მისდევს მოლაპარაკებების პროცესზე ზეწოლის ტრადიციულ ტაქტიკას, მათ შორის გარკვეული საჯარო განცხადებებით",- თქვა პოდოლიაკმა.
ცნობისთვის, მანამდე პუტინმა თქვა, რომ უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩიხში შევიდა, რადგან უკრაინამ დამატებითი უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა.