
რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი კიევში ჩავიდა, რათა განაახლოს სამშვიდობო მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის, რომელიც ამ დროისთვის შეჩერებულია - ინფორმაციას გამოცემა Bloomberg რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, აბრამოვიჩი უკრაინის მხრიდან მოლაპარაკებებში ჩართულ პირებს შეხვდა, რათა მათთან ერთად განეხილა, მოლაპარაკებების აღდგენის გზები.
აბრამოვიჩი, რომელსაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დიდი ხნის კავშირები აქვს, ომის დაწყების შემდეგ უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების პროცესში არაფორმალურ როლს ასრულებს.
გამოცემა ასევე წერს, რომ აბრამოვიჩის კიევში ყოფნას მისი პრესსპიკერი უარყოფს და დამატებითი კომენტარს არ აკეთებს. ასევე მედიის ცნობით, კომენტარზე უარი თქვა მიხაილო პოდოლიაკმაც, რომელიც მოლაპარაკებებში უკრაინის მხარეს წარმოადგენს. კომენტარი ჯერჯერობით არც კრემლის პრესსპიკერს დმიტრი პესკოვს გაუკეთებია.
უკრაინულ ონლაინ მედიასთან ინტერვიუში, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თუ რუსეთის ფედერაცია გაანადგურებს მარიუპოლის დამცველ უკრაინელ სამხედროებს, სამშვიდობო მოლაპარაკებების გაგრძელება შეუძლებელი იქნება.
რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი 29 მარტს სტამბოლში შედგა. ამ დრომდე, ეს მოლაპარაკებების ბოლო, რაუნდია, სადაც მხარეები ერთმანეთს პირისპირ შეხვდნენ. შეხვედრას რომან აბრამოვიჩიც ესწეებოდა.
მოლაპარაკებები მას შემდეგ არ გაგრძელებულა, რაც მტკიცებულებები გაჩნდა, რომ რუსეთი უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავს.
გასულ კვირას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თქვა, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, რადგან უკრაინამ დამატებითი უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა.