"ოცნებას" ვირეშმაკობის, ჩაგდებისა და დაჩი ბერაიობის გზა მოვუჭერით - უგულავა

გამოქვეყნდა:

"ევროპულმა საქართველომ" საკვანძო და ისტორიული როლი შეასრულა იმაში, რომ პროპორციულ არჩევნებთან მიმსგავსებული მაინც იქნება ეს საარჩევნო სისტემა, იმიტომ რომ ალბათობა იმისა, რომ პირველი მოსმენით ჩავარდნილიყო, იყო ძალიან დიდი, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ გადაცემაში "დღის სტუმარი" ისაუბრა. 

უგულავა საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღების შეფასებისას ამბობს, რომ მისმა პარტიამ "ოცნებას" "ვირეშმაკობის, ჩაგდებისა და დაჩი ბერაიობის გზა მოუჭრა".

რაც დღეს ხდება, "ქართული ოცნების" პოლიტიკური ვალდებულებაა საკუთარი მოსახლეობისა და საერთაშორისო პარტნიორების მიმართ. არაფერი საზეიმო არ აქვთ და თუ იზეიმეს დაემსგავსებიან იმ ბოლშევიკებს, რომლებმაც თვითონ შექმნეს პრობლემა და შემდეგ თვითონვე გადაწყვიტეს ეს პრობლემა. მე კიდევ ერთს ვურჩევ მათ - თუ უნდათ, რომ კიდევ უფრო მეტად გადაწყვიტონ საკითხი, ამისთვის აუცილებელია გიორგი რურუას გათავისუფლება, რომელიც იგივე საერთაშორისო აღიარებით არის პოლიტიკურ ტყვეობაში და დღეს იმყოფება ციხეში, - ამბობს უგულავა.

მისივე თქმით, საქართველოს პარტნიორები რვა მარტის შეთანხმების ფარგლებში, ორ საკითხის შესრულებას ითხოვენ - საარჩევნო სისტემის შეცვლას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. უგულავა ამბობს, რომ ეს ორივე პუნქტი უნდა შესრულდეს. 

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა დღეს, 115 ხმით სამის წინააღმდეგ, მეორე მოსმენით მიიღო. ბიძინა გეგიძე, კახა ოქრიაშვილი და ალექსანდრე ერქვანია - ეს ის დეპუტატები არიან, რომლებმაც ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს. 

განხილვასა და კენჭისყრაში დღეს მონაწილეობა არ მიუღია ოპოზიციას - "ევროპული საქართველოსა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ამბობდნენ, რომ ცვლილებებს მხარს მხოლოდ პოლიტპატპატიმარ გიორგი რურუას გათავისუფლების შემთხვევაში დაუჭერდნენ. 

მანამდე კი პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით 136 ხმით ხუთის წინააღმდეგ მიიღო -
ცვლილებებს ოპოზიციიდან მხარი მხოლოდ "ევროპულმა საქართველომ" დაუჭირა იმ მიზნით, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები არ ჩავარდნილიყო და ხელისუფლებას რურუას გასათავისუფლებლად დამატებითი დროც მისცემოდა. თუმცა პარტიაში მაშინვე ამბობდნენ, რომ პოლიტპატიმრის ციხეში დატოვების შემთხვევაში, მეორე და მესამე მოსმენაში მონაწილეობას არ მიიღებდნენ. 

ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი