
პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მტკიცებით, საქართველოში სანქცირებული რუსი ოლიგარქის წარმომადგენელ ალი უზდენოვისა და დავით ხიდაშელის შეხვედრებს არავითარი შედეგი არ მოჰყოლია. მან ჟურნალისტებთან თქვა, რომ ალი უზდენოვის გვარიც კი არ ახსოვს.
ღარიბაშვილმა დაადასტურა, რომ ის ხიდაშელს ნამდვილად ესაუბრა, მისივე თქმით, შეხვედრაზე უარი უთხრა, რადგან ქალაქში არ იყო.
"ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, მან გუშინ გაავრცელა ვრცელი კომენტარი და მე არ ვაპირებ, რა თქმა უნდა, მისი ერთხელ გავრცელებულის კომენტირება დავიწყო და ხელახლა აგიხსნათ, თუ რას გულისხმობდა. მე მართლაც მომმართა ბატონმა დავით ხიდაშელმა, რომ არსებობდა რაღაც გარკვეული ბიზნეს შემოთავაზებები და მე უბრალოდ ძალიან მარტივად ვუთხარი, რომ ვერ შევხვდებოდი, არ ვიყავი ქალაქში და გადავამისამართე ბიზნეს სექტორთან. როგორც თავადაც დაადასტურა, აღნიშნული რუსი ბიზნესმენი ჩამოსული იყო საქართველოში, დავით ხიდაშელთან ერთად შეხვდა რამდენიმე ბიზნეს წარმომადგენელს.
მინდა მთავარი კითხვა დავუსვა ამ აჟიოტაჟის ავტორებს და ვითომ სკანდალის გამომძიებლებს. რაიმე გაგრძელება, რაიმე შედეგი დადგა?! ნული. არავითარი გაგრძელება დავით ხიდაშელის და თქვენს მიერ ხსენებული, გვარიც არ მახსოვს, ბიზნესმენის შეხვედრებს საქართველოში, არავითარი შედეგი არ მოჰყოლია", - ამბობს ღარიბაშვილი.
ალი უზდენოვი ნახსენებია ივანიშვილისა და სანქცირებული რუსი ოლიგარქის ჩანაწერში.
სანქცირებულმა რუსმა ოლიგარქმა 26 აპრილს "მთავარ არხთან" დაადასტურა, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს ტელეფონით ესაუბრა. ოლიგარქი ამბობს, რომ საქართველოში ნებისმიერს შეუძლია ისე ჩამოვიდეს, რომ არავის ანგარიში არ ჩააბაროს. "ფორმულასთან" მან ასევე დაადასტურა, რომ თბილისში ღარიბაშვილი მისი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა.