
"მსოფლიო ხედავს და თქვენ პასუხს აგებთ!" - ასეთია ამერიკის შეერთებული შტატების რეაქცია უკრაინაში კრემლის უმძიმეს დანაშაულებზე, რის გამოც, გაერომ უშიშროების საბჭოს არაფორმალური სხდომა გამართა.
საგანგებო შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს, როგორ გააერთიანონ ძალისხმევა იმისთვის, რომ უკრაინაში განვითარებულ უმძიმეს მოვლენებზე გამოძიება ეფექტურად ჩატარდეს და დამნაშავეებმა პასუხი აგონ.
ჩვენ გვაქვს სანდო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დონეცკის მიდამოებში მოქმედმა რუსულმა სამხედრო ნაწილმა სიკვდილით დასაჯა უკრაინელები, რომლებიც დანებებას ცდილობდნენ. შეერთებულ შტატებს აქვს სანდო ცნობები შეკრული ხელებით მოკლული პირების შესახებ. ცნობები იმის შესახებ, რომ ცხედრებს წამების ნიშნები აქვს. ასევე, შემზარავი ინფორმაცია ქალებისა და გოგონების მიმართ სექსუალური ძალადობის შესახებ. მათ, ვინც ჩაიდინა და გასცა ამ დანაშაულების ჩადენის ბრძანება, პასუხი უნდა აგონ. ჩვენი მარტივი გზავნილი რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობისთვის ასეთია: მსოფლიო ხედავს და თქვენ პასუხს აგებთ", - თქვა გლობალური სისხლის სამართლის მართლმსაჯულების განსაკუთრებულ დავალებათა ელჩმა, ბეთ ვან შააკმა.
საგანგებოდ მოწვეულ სხდომას, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ხანმაც მიმართა და აღნიშნა, რომ პროკურორის ოფისს, უკრაინაში ადამიანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებაზე, მხოლოდ ერთი მიზანი აქვს და ეს სიმართლის დადგენაა. რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე, უკრაინის პროკურორმაც ისაუბრა.