
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, რუსეთმა ომის 63 დღის განმავლობაში, უკრაინის წინააღმდეგ 1 900-ზე მეტი რაკეტა გაუშვა. ამასთან დაკავშირებით პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ისაუბრა.
"შეჭრის დაწყებიდან 1 900-ზე მეტი რაკეტის გაშვება მოხდა. საჰაერო დარტყმების უმეტესი ნაწილი განხორციელდა მარიუპოლზე და გაერთიანებული ოპერაციის ზონაში, ძირითადად დონბასში", - თქვა მან.
პენტაგონის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ თითქმის ყველა საჰაერო დარტყმა რუსული ბაზებიდან ხორციელდება.
"ისინი აფრენას და დაშვებას არ ახდენენ უკრაინის ტერიტორიაზე. შესაძლოა, სამხრეთში ამას ზოგჯერ ახერხებენ, მაგრამ თვითმფრინავების უმეტესობა რუსეთიდან მოდის და შემდეგ ისევ ბრუნდება რუსეთის აეროდრომებზე. იგივე ხდება სარაკეტო დარტყმების შემთხვევაშიც. გამშვები სისტემები რუსეთის ტერიტორიაზეა", - თქვა პენტაგონის წარმომადგენელმა.
ცნობისთვის, Reuters-მა აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ გამოყენებული მაღალი სიზუსტის რაკეტებიდან თითქმის 60% წარუმატებელი იყო.