პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე ამბობს, რომ მეგობრულ ურთიერთობას არ არგებს. საქმე ეხება განცხადებას, რომ მოსკოვი რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე რეექსპორტის მიზნით მოლაპარაკებებს საქართველოსთან აწარმოებს.
"ამ შემთხვევაშიც ვნახეთ, აბსოლუტურად არგუმენტების გარეშე გაკეთებული განცხადება, ისევე როგორც წინა შემთხვევაში ვხედავთ, რომ შემდეგ არანაირი მტკიცებულება ამას არ მოჰყოლია. აქაც ჩანს, რომ არის უბრალოდ განცხადება. სამწუხარო არის ეს ნამდვილად, არ არგებს იმ მეგობრულ ურთიერთობას, რომელიც უკრაინასა და საქართველოს შორის არის. მიუხედავად იმისა, რომ არის სურვილი, რომ სანამ ინფორმაციები გავრცელდება მოხდეს გადამოწმება, ამ შემთხვევაშიც ისინი არ მოერიდნენ პირდაპირ განცდების გაკეთებას ", - ამბობს შალვა პაპუაშვილი.
"ოცნების" დეპუტატის, გია ვოლსკის განცხადებით, საქართველოში არანაირი მოლაპარაკება სანქციების გვერდის ავლაზე არ მიმდინარეობს.
"ერთი რამ შემიძლია ვუთხრა დარწმუნებით უკრაინელ ხალხს, ვინც ამ დეზინფორმაციას უსმენს, საქართველოში არანაირი მოლაპარაკება სანქციების გვერდის ავლაზე არ მიმდინარეობს. ასეთი არ განხორციელდება, ვერ განხორციელდება, არც საქონელი და არც ბიზნესი, რომელსაც სანქციები ადევს, საქართველოს გავლით არ მოხვდება არც ერთ ბაზარზე, რომელთა დაშვება არ აქვს საერთაშორისო სანქციებს", - ამბობს გია ვოლსკი.
შეგახსენებთ, უკრაინის დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის ფედერაცია ცდილობს, უკრაინაში დაწყებული ომის გამო მისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციების დამანგრეველი შედეგები სხვა ქვეყნების დახმარებით მინიმუმამდე შეამციროს და ამისთვის მოსკოვი მოლაპარაკებებს აწარმოებს საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან რუსული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე რეექსპორტის მიზნით.