
რუსულმა გემებმა, რომლებსაც უკრაინიდან მოპარული ხორბალი გადაჰქონდათ, ხმელთაშუა ზღვის პორტებისკენ გადაუხვიეს და ამ დროისთვის, სირიაში, პორტ ლატაკიაში იმყოფებიან. ამის შესახებ სტატიას გამოცემა CNN ავრცელებს და წერს, რომ ინფორმაციას უკრაინელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ მოპარული მარცვლეულით ვაჭრობაში მონაწილე ერთ-ერთი გემი Matros Pozynich-ია.

ანალოგიური ინფორმაცია 11 მაისს სატელიტურ ფოტოებზე დაყრდნობით გაავრცელა გამოცემა The Associated Press-მაც. ფოტოზე, რომელიც Planet Labs PBC-მა გადაიღო, ჩანს ლატაკიას ნავსადგურის სანაპიროზე რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი, Matros Pozynich-ს.
ონლაინ კვლევითი ფირმის TankerTrackers.com-ის თანადამფუძნებელმა, სამირ მადანმა AP-სთან ინტერვიუში თქვა, რომ გემი, რომელიც ლატაკაში დაფიქსირდა ზომებითა და ბოლო პოზიციით Matros Pozynich-ია.
უკრაინა რუსეთს ომის დაწყებიდან 27 000 ტონა მარცვლეულის მოპარვაში ადანაშაულებს. უკრაინის მხარის ინფორმაციით, რუსეთი ხორბლის გაყიდვას ეგვიპტეში აპირებდა, თუმცა ეგვიპტემ საქონლის მიღებაზე უარი თქვა.