
"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოდან რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. ციხეში მის მოსანახულებლად უკვე მივიდა უფლებადამცველი დიმიტრი საძაგლიშვილი.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, თუ აქამდე "ქართული ოცნების" წარმომადგენლები მხოლოდ განცხადებებით გამოხატავდნენ იმას, რომ პუტინს გულშემატკივრობდნენ, დღეს ეს უკვე თავიანთი ქმედებებით ღიად დაადასტურეს.
"რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ჩვენ ვიხილეთ ხელისუფალთა მიერ გაკეთებული განცხადებები, რომელშიც აშკარად იკვეთებოდა, რომ ისინი აშკარად გულშემატკივრობდნენ პუტინს. ახლა ხელისუფლება სამწუხაროდ გადავიდა ქმედებებზე და არა მხოლოდ საჯარო განცხადებებით, არამედ განხორციელებული ქმედებებით, რაც დღეს გამოიხატა ნიკა გვარამიას პოლიტიკურ ტყვეობაში აყვანაში. გადადგმული ნაბიჯებია სწორედ რუსეთის მიმართულებით ღიად და აშკარად", - აღნიშნა ადვოკატმა.
მისივე თქმით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციოში გაასაჩივრებენ, თუმცა არ აქვთ მოლოდინი, რომ ზემდგომ ინსტანციაში საქმეს დამოუკიდებელი მოსამართლეები განიხილავენ.
"ჩვენ გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ ამას არანაირი ფასი და მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ, რომ ნიკა გვარამიას დაჭერა მოხდა პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველზე და არ მგონია, რომ არსებობდეს ადამიანი, რომელსაც ამაში ეჭვი შეეპარება. ასევე იქნება გათავისუფლების შემთხვევაშიც, ეს არის იქნება რაღაც სამართლებრივი გადაწყვეტილება და არც იმის მოლოდინი არ გვაქვს, რომ აპელაციაში დამოუკიდებელი მოსამართლეები დაგვხვდება", - თქვა უფლებადამცველმა.
დიმიტრი საძაგლიშვილმა ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით ევროპარლამენტარების შეფასებებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ პარტნიორებს დაპატიმრების პოლიტიკურ მოტივაციაში ეჭვი არ ეპარებათ.
"ეს საქმე მიმდინარეობს 2 წელიწადნახევარია და ამ საქმის მასალებს გაეცნო არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია. წარდგენილი აქვთ სასამართლოს მეგობრის მოსაზრებები, ანუ სამართლებრივი დასკვნები სასამართლოში და ყველა ის ორგანიზაცია, დაწყებული სახალხო დამცველით, გაგრძელებული საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო, ადამიანის უფლებათა ცენტრი, ყველა ორგანიზაცია, რომელიც ან გაეცნო საქმის მასალებს ან აკვირდებოდა ამ პროცესებს, მათ შორის საელჩოების წარმომადგენლები, ცხადია, რომ მათ არ ეპარებათ ეჭვი ამ დაპატიმრების პოლიტიკურ მოტივაციაში. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ამ კრიტიკულ მომენტში გადაწყვეტილების მიღება არ არის მხოლოდ კონკრეტული პირის - ნიკა გვარამიას დაპატიმრება, რომელიც ყველაზე გავლენიანი და კრიტიკული მედიასაშუალების გენერალური დირექტორი იყო, არამედ ეს არის რეალური ქმედითი ნაბიჯი პუტინიზაციის გზაზე", - თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
ცნობისთვის, 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. საქმეზე ბრალდებული ზურაბ იაშვილი მოსამართლემ გაამართლა, კახა დამენიას 50 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის.
ასევე იხილეთ: