
საფრანგეთის ელჩი საქართველოში, დიეგო კოლასი "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებას ეხმაურება და ამბობს, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ნამდვილად გამოიწვევს კითხვებს. მისი თქმით, ერთ-ერთი კითხვა იქნება რატომ არიან საქართველოში ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები ციხეში.
"პირადად კომენტარს არ გავაკეთებ სასამართლოს ინდივიდუალურ გადაწყვეტილებაზე, მაგრამ ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ნამდვილად გამოიწვევს შეკითხვებს. ფუნდამენტური საკითხი და ფუნდამენტური პრინციპია სიტყვის თავისუფლება, ეს არ ნიშნავს, რომ ჟურნალისტიკა კანონზე მაღლა დგას, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ როდესაც არის სამართლებრივი დევნა და საქმეები, მაქსიმალური ყურადღება უნდა მიექცეს, რომ თავიდან იქნას აცილებული სიტყვის თავისუფლებაზე გავლენა. არის თუ არა ეს სწორედ ის შემთხვევა, ეს არის კითხვა, რომელსაც საზოგადოება დასვამს. ისინი იკითხავენ, არსებობს თუ არა სიტყვის თავისუფლების სრული დაცვა საქართველოში, თუ ეს არის ზეწოლის შემთხვევა. კიდევ ერთი შეკითხვა იქნება რატომ არიან ასე მრავლად ოპოზიციურად განწყობილი ადამიანები ციხეში საქართველოში. მე არ მაქვს პასუხი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეკითხვები იქნება", - თქვა დიეგო კოლასმა.
ცნობისთვის, 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. "რუსთავი 2-ის" საქმეზე ბრალდებული ზურაბ იაშვილი მოსამართლემ გაამართლა, კახა დამენიას კი 50 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის.