"სასამართლოს დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება და შერჩევითი სამართალი საფრთხეს უქმნის საქართველოს, გახდეს ევროკავშირის წევრი" | ევროპარლამენტარების განცხადება ნიკა გვარამიას დაკავებაზე

გამოქვეყნდა:

"სასამართლოს დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება და შერჩევითი სამართალი საფრთხეს უქმნის საქართველოს, გახდეს ევროკავშირის წევრი" - ამ საკითხზე აქვეყნებენ სპეციალურ განცხადებას 
ევროპარლამენტის წევრები. ისინი ქართული სასამართლოს მიერ ნიკა გვარამიას დაკავებას ეხმაურებიან და წერენ, რომ ეს შერჩევითი სამართალია, რაც საქართველოს ევროპულ მომავალს საფრთხეს შეუქმნის. 

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

ტელეკომპანია "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიასა და მისი ორი თანამოაზრის მიმართ ქართული სასამართლოს მიერ, დამაჯერებელი მტკიცებულებების გარეშე გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი, საქართველოში კანონის უზენაესობის გაუარესების გაგრძელებაა. ეს გადაწყვეტილება სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს, რომელიც დემოკრატიული ღირებულებების, მათ შორის, მედიის თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის ვალდებულებებს მოითხოვს. 

სამწუხაროდ, სასამართლოს საეჭვო გადაწყვეტილება ეხმიანება კრიტიკული მედიის წარმომადგენლების მიმართ დევნის, დაშინებისა და ფიზიკური თავდასხმის ფართოდ გავრცელებულ ზოგად მოდელს. ბევრმა ჩვენგანმა ერთხელ უკვე ისაუბრა ბატონ გვარამიაზე არაეთიკური თავდასხმის წინააღმდეგ, როდესაც ქართველმა მაღალჩინოსანმა [წულუკიანმა] პარლამენტის ტრიბუნიდან მისი პირადი მონაცემები გაასაჯაროვა. მაშინ ჩვენს დასაბუთებულ შეშფოთებას მმართველი პარტიის წარმომადგენლები "გადამისამართების" არგუმენტებით შეხვდნენ. 

ქართული სასამართლოს დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება შედეგია დიდი ხნის ვადაგადაცილებული სასამართლოს რეფორმისა, რომელიც საქართველოს მთავრობამ 19 აპრილის შეთანხმებით აიღო, მაგრამ არასდროს შესრულებულა. შერჩევითი სამართალი და დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი გაუარესება გამოუსწორებელ ზიანს აყენებს საქართველოს რეპუტაციას და საფრთხეს უქმნის მის ევროპულ არჩევანს, გახდეს კანდიდატი და საბოლოოდ, ევროკავშირის წევრი. ეს სრულიად ეწინააღმდეგება იმას, რაც სურს ქართველ ხალხს და რასაც იმსახურებენ ისინი. 

განცხადებას ხელს აწერენ ევროპარლამენტარები:

  • ანდრიუს კუბილიუსი, 
  • ანნა ფოტიგა, 
  • მაიკლ გალერი, 
  • პეტრას აუსტრევიჩუსი, 
  • რაფაელ გლუკსმანი,
  • სვენ მიკსერი,
  • ვიოლა ფონ კრამონი. 
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი