"იმედი მაქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია გამოიყენოს შეწყალების უფლება, იმიტომ რომ ეს საქმე მართლაც არადამაჯერებელია" - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანნა ფოტიგა კრიტიკული მედიის საერთო ეთერში საუბრობს, რომელიც "მთავარი არხის", "ფორმულას", "კავკასიასა" და "ტვ პირველის" ეთერში გადაიცემა. ფოტიგა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს ფაქტი მას ძალიან აწუხებს.
იმედი მაქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია გამოიყენოს შეწყალების უფლება, იმიტომ რომ ეს საქმე მართლაც არადამაჯერებელია. მახსოვს, რომ ნიკა გვარამია იყო უკვე ერთხელ დაპატიმრებული კორუფციის ბრალდებით, და მაშინ იგი გათავისუფლებული იქნა იმიტომ რომ ვერ შეაგროვეს დამაჯერებელი მტკიცებულებები.
გვიჩნდება განცდა, რომ პოლიტიკური მოტივები არის აქ ჩართული. ეს ცხადზე უფრო ცხადია. და ეს კიდევ უფრო დადასტურდა იმ ბრალდებით და განაჩენით, რაც აქვს წაყენებული. ამ პროცესზე ზოგიერთი ბრალდება საერთოდ არ დამტკიცდა. ასე რომ, ეს მართლაც ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და კიდევ უფრო მეტ ეჭვს აჩენს ამ პროცესის ბუნების და არსის შესახებ, - ამბობს ფოტიგა.
ევროპარლამენტარი იხსენებს, რომ ნიკა გვარამია გარკვეული დროის განმავლობაში მთავრობის მნიშვნელოვანი წევრი იყო, იყო იუსტიციის მინისტრი და წლების განმავლობაში ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს უძღვებოდა. ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ის 2014 წელს ევროპარლამენტის წევრი გახდა, ისინი აქტიურად აკვირდებოდნენ ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენებს და თავიანთი შეშფოთებაც არაერთხელ გამოხატეს, მათ შორის საკითხზე საუბარი იყო ევროპარლამენტის დოკუმენტშიც.
ამბობს, რომ "ჩემი აქ [ეთერში] ყოფნა და ჩემი ნება, მიმეღო მონაწილეობა ასეთ გადაცემაში, ნამდვილად არის სოლიდარობის ნიშანი ჩემი მხრიდან".
მინდა, ნიკა გვარამიას გადასცეთ ჩემი უდიდესი პატივისცემა, მოკითხვა... ასევე, მინდა ჩემი თანაგრძნობა გამოვუცხადო მის ოჯახსა და კოლეგებს. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ამის მონიტორინგს ვახორციელებთ და მინდა კიდევ ერთხელ მივმართო საქართველოს პრეზიდენტს, რომ ნიკა გვარამიას საქმეში ჩაერთოს, - ამბობს ფოტიგა.
ცნობისთვის, 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზშივე დააკავეს. "რუსთავი 2-ის" საქმეზე ბრალდებული ზურაბ იაშვილი მოსამართლემ გაამართლა, კახა დამენიას კი 50 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის.