ეროვნული მუზეუმიდან 40-მდე თანამშრომელი გაათავისუფლეს. ისინი ამბობენ, რომ ბოლშევიკური წმენდა, რომელიც ახალმა ხელმძღვანელობამ წამოიწყო გრძელდება. ერთადერთი ოფიციალური მიზეზი, რეორგანიზაციაა.
გათავისუფლებული თანამშრომლები ამბობენ, რომ რამდენიმე დღის წინ შეხვდნენ იმ კომისიის წევრებს, რომელიც ნიკა ახალბედაშვილმა შექმნა და სადაც მათ კომპეტენციასთან დაკავშირებით უნდა ყოფილიყო საუბარი. ისინი ამბობენ, რომ კითხვები კომპეტენციის გარდა ყველაფერს ეხებოდა, მათ შორის, რა ჰქონდათ ნიკა ახალბედაშვილის საწინააღმდეგო.
გათავისუფლებულებს შორისაა იულონ გაგოშიძე.
"დანაშაულია იძულება სამსახურიდან წასვლის. გაფრთხილება მოგვცეს, რომ პირველი ივნისიდან ჩვენ თავისუფლები ვიქნებით. ეს წერილიც არ მოგვცეს ხელში, იმის მაგივრად, რომ ან ფოსტით გამოეგზავნათ, ან მოეცათ, დაგვიძახეს წაგვიკითხეს. მოვითხოვე ოფიციალური გარანტია, რომ მე მექნება უფლება მუზეუმში მუშაობის, სიტყვიერად მომცეს უფლება. მაგათი დაჯერება... მე მინდა დოკუმენტი მქონდეს", - ამბობს ისტორიკოსი, მკვლევარი, იულონ გაგოშიძე.
კიდევ ერთი გათავისუფლებული, ირმა კოპალიანი ყვება, რომ პირველი იყო ვინც ნიკა ახალბედაშვილმა სამსახურიდან გაუშვა, დასაბუთების მოთხოვნას კი მისგან ყვირილი და შეურაცხყოფა მოჰყვა.
"უხეში ხელის შეხებით გამომაძევეს ოთახიდან. პროფესიულ ნაწილში ხარვეზი არ იყო, არ ვიცი ნიკა ახალბედაშვილს რა მოეპრიანა და ვის გაუხარა გული, ვის აამა ჩემი გათავისუფლებით, ამაზე ეჭვი მაქვს", - ყვება ირმა კოპალიანი.
ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულები სამართლებრივი დავის დაწყებას აანონსებენ.