თამარ ბაჩალიაშვილი დღეს 25 წლის გახდებოდა

გამოქვეყნდა:

თამარ ბაჩალიაშვილს დღეს 25 წელი შეუსრულდებოდა. გახმაურებული საქმიდან თითქმის ორი წელი გავიდა. 

თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. 23 წლის პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, ის სწორედ თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

კონკრეტულად რამ გამოიწვია მისი სიკვდილი, ვინ და რატომ მისდევდა მის მანქანას, რა უნდოდათ ოპერატიულ თანამშრომლებს მის სახლთან, სად გაქრა მისი მეხსიერების ბარათები და რატომ არ ჩატარებულა სრულყოფილი ექსპერტიზა, ამ დრომდე ისევ დაუზუსტებელია.

ერთ-ერთი ვერსიით, ბაჩალიაშვილის გაუჩინარება მის სამსახურეობრივ საქმიანობას უკავშირდება. ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა მიმდინარე წლის ივნისში "მთავარი არხის" ჟურნალისტის, დათო აბრამიშვილის ჟურნალისტურმა გამოძიებამ, რომლითაც ირკვევა, რაზე მუშაობდა ბაჩალიაშვილი სიცოცხლის ბოლო პერიოდში.

დათო აბრამიშვილმა მის ხელში აღმოჩენილი მონაცემთა ბაზა საზღვარგარეთ მცხოვრებ IT სპეციალისტს გააშიფრინა და აღმოჩნდა, რომ, დიდი ალბათობით, მისი კომპანია უცხოელ კლიენტებს ბარათებიდან ფულს პარავდა და თანამშრომლობდა სუს-თან პირადი ინფორმაციის უკანონოდ მოსაპოვებლად. აქედან გამომდინარე, სავარაუდოა, რომ მისი სიკვდილიც სწორედ ამ ფარულ საქმიანობას უკავშირდებოდეს.

მანამდე კი, ოჯახი დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა დადგენილიყო, ვის ეკუთვნოდა ის სამი ავტომობილი, რომელიც სათვალთვალო ვიდეოკამერების ჩანაწერებში ფიგურირებდა. მოგვიანებით, გასულ წელსვე, გადაცემაში "მთავარი აქცენტები" გაჟღერდა ერთ-ერთი ავტომობილის "მფლობელის", შავნაბადას ხელმძღვანელის, "ხარებას" სახელი, რომელიც ბევრ გახმაურებულ საქმესთანაა დაკავშირებული. ასევე, ცნობილი გახდა, რომ ამ სამი მანქანის სანომრე ნიშნები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ეკუთვნის

გასული წლის ივნისში კი, ჟურნალისტმა ელისო კილაძემ "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ისაუბრა, რომ ბაზაზე მანქანების შესვლის კადრი გაყალბებულია და შემდეგაა გადაღებული და მიმატებული. მისივე თქმით, ევაკუატორი, რომელმაც მანქანა "ვილა ალგეთიდან" მაწევანში წამოიყვანა, ხალხს ნანახი აქვს. 

თამარ ბაჩალიაშვილის საქმე ექვსთვიანი გამოძიების შემდეგ დაიხურა და მისი გარდაცვალების მიზეზად შოთაძის უწყებამ სუიციდი დაასახელა. ოჯახი და ადვოკატები კი ამ დრომდე დარწმუნებით ამბობენ, რომ ეს თვითმკვლელობით შეფუთული კარგად ორგანიზებული მკვლელობა იყო. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი