
მარიუპოლის მერის მრჩეველი, პეტრო ანდრიუშჩენკო აცხადებს, რომ ქალაქში კიდევ ერთი მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს, რომელშიც ასზე მეტი ცხედარია.
მისი ინფორმაციით, მასობრივი საფლავი კიევის ქუჩაზე ნახეს.
"თებერვლის ბოლოდან იქ 100-ზე მეტი ადამიანის ცხედარია", - წერს ის.
მერის მრჩეველი ამბობს, რომ მარიუპოლში ექსჰუმაცია ფაქტობრივად შეჩერებულია.
"საოკუპაციო ხელისუფლება იმდენად გაიტაცა აღდგენის სურათის შექმნამ, რომ ხელახალ დასაფლავებამდე ვერ მიაღწიეს. ქუჩის დროებითი საფლავები თანდათან მუდმივ საფლავებად იქცევა", - თქვა მან.
ცნობისთვის, მარიუპოლი ამ დრომდე ოკუპანტების კონტროლის ქვეშაა. ქალაქის ქუჩებში ტონობით ნაგავია დაგროვილი. მერი ამბობს, რომ ქალაქი ეპიდემიოლოგიური კატასტროფის ზღვარზეა, გავრცელებულია ინფექციური დაავადებები - მათ შორის ქოლერა და დიზენტერია.