ევროკავშირი საქართველოსგან ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას არ ითხოვს - ჰარცელი

გამოქვეყნდა:

საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი განმარტავს, რომ ევროკავშირი საქართველოსგან ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას არ ითხოვს. მისი განცხადებით, ერთადერთი მოთხოვნა, რაც ქვეყნის მიმართ ევროკავშირს აქვს დისკრიმინაციის აკრძალავ და ადამიანის უფლებების დაცვაა.

"ევროკავშირი საქართველოსგან ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას არ ითხოვს. ევროკავშირის ფარგლებში, საოჯახო სამართალი ევროკავშირის ქვეყნების კომპეტენციის ქვეშ რჩება და შესაბამისად, ქორწინებასთან დაკავშირებული წესები ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ ინდივიდუალურად განისაზღვრება. 

რასაც ევროკავშირი ყველა წევრი სახელმწიფოსგან ითხოვს, არის დისკრიმინაციის აკრძალვა და ყველა ტიპის, მათ შორის სექსუალური უმცირესობების დაცვა. ადამიანის უფლებების, მათ შორის უმცირესობებს მიკუთვნებულ პირთა უფლებების პატივისცემა და დაცვა ევროკავშირის ფუნდამენტური ღირებულებაა, რომელიც დაფუძნებულია ადამიანის ღირსების, თავისუფლების, დემოკრატიისა და თანასწორობის პრინციპების მტკიცე რწმენაზე, რომლებიც უნდა იყოს დაცული ევროკავშირში გაწევრიანების მსურველთათვის", - ამბობს კარლ ჰარცელი. 

ჰარცელი კითხვაზე პასუხად - უნდა დაიცვას თუ არა მთავრობამ თბილისის პრაიდი კანდიდატის სტატუსის მისაღებად - პასუხობს, რომ მოქალაქეების დაცვა ძალადობისაგან და თითოეული ადამიანის სიტყვისა და შეკრების თავისუფლების უფლების უზრუნველყოფა ევროკავშირის და ნებისმიერი დემოკრატიის ძირითად ღირებულებებს წარმოადგენს.

"სამართალდამცავი ორგანოების პასუხისმგებლობა და მოვალეობაა ამ უფლებების დაცვა, გამონაკლისების გარეშე. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის კონტექსტში შეფასებული იქნება ხელისუფლების მზაობა და შესაძლებლობა, თანაბრად დაიცვას ეს უფლებები ყველა მოქალაქისთვის, მათ შორის უმცირესობებისთვის", - ამბობს ელჩი. 

იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი