"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის მტკიცებას, რომ აშშ-ს საელჩოს თანამშრომელმა, კევინ ბურკმა მას უთხრა, რომ კელი დეგნანს აინტერესებდა, რატომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი და რატომ გამოიყენა სასჯელის ზომად თავისუფლების აღკვეთა.
"სკანდალური ინფორმაციაა, რაც გაავრცელა ამ მოსამართლემ, პრაქტიკულად ბრალდებაა წაყენებული კონკრეტული დიპლომატის, კონკრეტული საელჩოს თანამშრომლის მიმართ. ამას სჭირდება, რა თქმა უნდა, მკაფიო პასუხის გაცემა. რა თქმა უნდა, როდესაც მოსამართლე, რომელსაც საქართველოს სახელით გამოაქვს გადაწყვეტილებები, ასეთ ბრალდებას უყენებს დიპლომატს, ამას სჭირდება მკაფიო პასუხი, ანუ უნდა გავერკვეთ, სინამდვილეში რაში იყო საქმე.
რა თქმა უნდა, არავის უნდა ჰქონდეს უფლება მათ შორის არც დეპუტატს, პოლიტიკოსს და არც დიპლომატს, დაიბაროს რომელიმე მოსამართლე და მოსთხოვოს ანგარიში კონკრეტულ საქმეზე. და თუ მით უმეტეს საქმე იმას ეხება, რომ ამ საქმის გამო ვიზიტიც გაუქმდა, ეს საერთოდ კატასტროფაა, ეს არის როგორც ვენის კონვენციის დარღვევა, ასევე, საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა და ამას, ბუნებრივია, სჭირდება ჩაძიება. ამის მარტივად გატარება არ შეიძლება, როდესაც მოსამართლე ასეთ ბრალდებას აყენებს"- თქვა კობახიძემ.
ცნობისთვის, ჩხიკვაძის თქმით, ბურკმა უთხრა, რომ აშშ-ში მოსამართლეების ვიზიტში მისი მონაწილეობა არასასურველი იქნებოდა და სიიდან ამოიღეს. მისი მტკიცებით, სასამართლოზე ზეწოლის მცდელობაა და ახლა გაჩუმება დანაშაულია. მოსამართლე ამერიკას განმარტებებს სთხოვს - აინტერესებს რატომ ამოიღეს ის იმ მოსამართლეთა სიიდან, რომლებიც შტატებში კვალიფიკაციის ასამაღლებლად უნდა წასულიყვნენ. ჩხიკვაძე ფიქრობს, რომ ეს გადაწყვეტილებაც, მასზე ზეწოლის ნაწილია.
შეგახსენებთ, რომ 16 მაისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ის საელჩომ პროგრამიდან მოხსნა. ამის შემდეგ, ამერიკაში ტრენინგზე ვერც კიდევ 5 მოსამართლე წავიდა.
ამავე თემაზე: