
აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი, ჯონ კირბი აცხადებს, რომ შტატები უკრაინის მხარდაჭერას იქამდე გააგრძელებს, სანამ ეს საჭირო იქნება.
როგორც მან აღნიშნა, უკრაინას მიაწვდიან ყველა საჭირო იარაღს იმისათვის, რომ ქვეყანამ თავი დაიცვას და საკუთარი ტერიტორიები დაიბრუნოს.
"რუსეთმა უკრაინას სასიკვდილო დარტყმები მიაყენა. მთელი ქვეყნის მასშტაბით რუსეთმა დაარტყა სავაჭრო ცენტრებს, მრავალსართულიან სახლებს, დახოცა უდანაშაულო უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეები. ამგვარი სისასტიკის წინაშე პრეზიდენტმა ნათლად აჩვენა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები იქამდე გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, სანამ ეს მას დასჭირდება. უკრაინელებს აქვთ თავდაცვის უფლება და ასევე აქვთ უფლება, რომ საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე კონტრიერიშებზე გადავიდნენ. ჩვენი ამოცანაა, მათ მივაწოდოთ ყველა საჭირო იარაღი, რათა ამის გაკეთების საშუალება ჰქონდეთ", - თქვა ჯონ კირბიმ.
ცნობისთვის, თეთრი სახლი უკრაინისთვის უსაფრთხოების დამატებით დახმარებას აანონსებს. Washingtonpost-ის ინფორმაციით, ახალი 270 მილიონი დოლარის პაკეტი საშუალო დისტანციის სარაკეტო სისტემებსა და ტაქტიკურ დრონებს მოიცავს. ცნობილია, რომ უახლესი პაკეტით, აშშ-ის უკრაინისადმი დახმარება 8,2 მილიარდ დოლარს მიაღწევს.