რაზე გაღიზიანდა "ოცნება" | ფრაგმენტები Post Factum-ის, დავით არახამიას ინტერვიუდან - ის, რაც ეთერში ვერ მოხვდა 

გამოქვეყნდა:

უკრაინის რადას დეპუტატის პარტია "ხალხის მსახურიდან" და პრეზიდენტ ზელენსკის გუნდის წევრის, დავით არახამიას განცხადებებმა, რაც Post Factum-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა, "ქართული ოცნების" წევრების გაღიზიანება გამოიწვია. განსაკუთრებით კი წყობიდან პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოვიდა.

გთავაზობთ დავით არახამიას განცხადებიდან იმ ფრაგმენტებს, რაც კვირას "მთავარი არხის" ეთერში ვერ მოხვდა. 

19 წელს, 20 წელს, 21 წელს ხომ არ შეგხებივართ. მაგრამ როცა რუსეთის თამაშში ჩაერთეთ, როცა შვეიცარიაც კი ვეღარ დარჩა ნეიტრალური და სანქციები დააწესა, საქართველომ ისიც ვერ თქვა, ეს რუსეთის აგრესიააო. ირაკლი კობახიძე საერთოდ არ ვიცოდი, ჩემზე რომ დაიწყო ლაპარაკი, მერე დავგუგლე. კგბ-ს აგენტის შვილი. კგბ-ს აგენტის, რომელიც არც მალავს, რომ დავერბოვკებული იყო. და ამ აგენტის შვილი მმართველი პარტიის თავმჯდომარეა. რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ. ეს არის პირდაპირ რუსეთთან თანამშრომლობა. მის უკან დგას ოლიგარქი, რომელმაც მთელი თავისი ფული რუსეთში იშოვა. ყველა პარტნიორი რუსი ჰყავს. მისი ბანკი რუსულ ფულს ატარებს. რაზე ვლაპარაკობთ. ეს არის პირდაპირ რუსეთთან თანამშრომლობა. ყაზახებიც კი, რომლებიც უკრაინელებისთვის მენტალურად გაცილებით შორს არიან, ხომ ხედავთ, როგორ დაუძვრნენ რუსეთს. მათთვის ეს გაცილებით რთული იყო. და ქართული მხარე? რუსებმა ჯერ აფხაზეთი, ჩემი სამშობლო წაართვეს, მერე ოსეთი, ქვეყნის ხალხი დაუხოცეს. არ შეუძლიათ გამოვიდნენ და თქვან: დიახ, რუსეთი აგრესორია.

[...]

ვაშინგტონში ვიყავი, როცა ვთქვი, რომ ქართული ბანკები რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება. ზუსტად იმ დროს იქ იმყოფებოდა თქვენი ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე. მან მოისმინა ჩემი განცხადება. გააკეთა პრესრელიზი, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ხალხი მირეკავდა, აი ეწყინა, ასე რატომ ამბობო. მე ვუთხარი, მზად ვარ ბოდიში მოვიხადო მაგრამ პატარა სტატისტიკას ვითხოვ, გამოაქვეყნეთ 24 თებერვლიდან დღემდე, რუსეთის რამდენმა მოქალაქემ გახსნა ანგარიშები ქართულ ბანკებში. დადეთ ეს მონაცემები ინტერნეტში. ნახონ ქართველებმა, ნახონ უკრაინელებმაც და რუსებმაც. [ჟურნალისტი: რა გიპასუხეს?] ...აღარაფერი, დაიკარგნენ. როგორც კი მაგ ინფორმაციას გამოდებენ, ყველაფერი ცხადი გახდება. შედით ფორუმებზე ინტერნეტში, პირდაპირ დევს ინსტრუქციები რუსებისთვის - როგორ ავუაროთ გვერდი სანქციებს. იქ წერია, რომელი ბანკი უნდა აირჩიო ამისთვის. ბიძინას ხომ თავისი ბანკი აქვს, ეგ ბანკია ძირითადი, რომელიც ამით არის დაკავებული. ჩვენ ხომ ბავშვები არ ვართ. ჩვენ ყველა დასავლურ სპეცსამსახურთან ვთანამშრომლობთ. ეს ჩვენ ხომ არ გამოვიგონეთ...

[...]

უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიიდან ფერმერებს წასვლა უნდოდათ. მათ გადაიხადეს 100-100 ათასი დოლარი ოჯახის ყველა წევრზე. მოსკოვიდან ჩამოვიდა თანამშრომელი, ჩასვა ავტობუსში და ფსბ-ს მოწმობით თბილისამდე ჩაიყვანა მოქალაქეების საბუთების გარეშე. უკრაინაში ფსბ-ს მოწმობით საზღვარს ომის დაწყებამდეც ვერ გადმოლახავდი. დაგიჭერდნენ. საქართველოში კი ჩამოვიდა. ამიტომ ვაკეთებ დასკვნას, საქართველოს ხელისუფლება გაცილებით მჭიდროდ თანამშრომლობს რუსეთთან, ვიდრე ევროპასთან, - თქვა არახამიამ. 

მაიკო ლომიძის ინტერვიუ დავით არახამიასთან - სრული ვერსია:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი