Foreign Policy-ის სტატია | ნიკა გვარამიას პატიმრობა, მიკერძოებული სასამართლო და საქართველოში მიმდინარე მოვლენები

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პატიმრობა, მიკერძოებული სასამართლო და საქართველოში მიმდინარე მოვლენები - ამ საკითხებთან დაკავშირებით ვრცელ სტატიას აქვეყნებს გამოცემა Foreign Policy.

სტატიაში ნათქვამია, რომ ქვეყანაში სასამართლო სისტემა დამოუკიდებელი არაა, ამის ერთ-ერთ მაგალითად კი სტატიის ავტორს სწორედ ნიკა გვარამიას პოლიტიკურად მოტივირებული დაკავება მოჰყავს: 

"16 მაისს, იმ დროს, როცა ევროკავშირის ოფიციალური პირები საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს განიხილავდნენ, ქართველმა მოსამართლემ გამოჩენილ ოპოზიციონერ ჟურნალისტს, ნიკა გვარამიას მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა 3,5 წლით. "უხეში ქმედება და პოლიტიკურად მოტივირებული დევნა მისი განსხვავებული შეხედულებებისა და ხელისუფლების კრიტიკის საპასუხოდ" - ამბობს Amnesty International-ის დირექტორი აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში მარი სტრუტერსი.

[...] 

"ქართული ოცნების" მიერ დემოკრატიის დემონტაჟი განსაკუთრებით თვალშისაცემია სასამართლო სისტემაში, რომლის დამოუკიდებლობაც მთლიანად გამქრალია. ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის 2021 წლის ანგარიშის თანახმად, წინა ორ წელიწადში "ქართულმა ოცნებამ" "უვადოდ დანიშნა უზენაეს სასამართლოს ოცი მოსამართლე" ისეთი მეთოდების გამოყენებით, რომლებიც "კეთილსინდისიერებას, ობიექტურობასა და სანდოობას" არ შეიცავს", - წერია სტატიაში. 

აქვე, ნათქვამია, რომ ამის საპასუხოდ, ევროპარლამენტმა, რომელიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე მუშაობდა, შეიმუშავა რეზოლუცია, რომლითაც ევროკავშირს ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებდა.

ამის საპასუხოდ კი, სტატიის ავტორის თქმით, პრემიერმინისტრმა ღარიბაშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლეიენს გაუზავნა წერილი, სადაც უარყო, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი და ქვეყნის არაფორმალური მმართველია. "ქართული ოცნების" ზოგიერთმა წარმომადგენელმა და მათთან დაახლოებულმა პირებმა კი დაიწყეს თავდასხმა და აგრესიული რიტორიკა, როგორც დასავლური ინსტიტუტების, ასევე ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩების, კარლ ჰარცელისა და კელი დეგნანის მიმართ. 

სტტაიასი ნათქვამია, რომ მმართველმა გუნდმა ელჩების მიმართ გავრცელებული უსაფუძვლო ბრალდებების გასაქარწყლებლად არაფერი გააკეთა. 

Foreign Policy-სთან ინტერვიუში საქართველოში შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა, იან კელიმაც აღნიშნა, რომ არ შეუძლია გაიხსენოს ისეთი დრო, როდესაც მეგობრულმა ხელისუფლებამ და პარტნიორმა ვერ შეძლო დაეცვა აშშ-ის ელჩი ყალბი ბრალდებებისგან. მისი თქმით, გონიერი ხალხი მიხვდება, რომ საქართველო ზურგს აქცევს დასავლეთს. 

სტატიაში ასევე ნახსენებია მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეც, რომელმაც ნიკა გვარამიას დაპატიმრების გადაწყვეტილება მიიღო. 

15 ივლისს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ, რომელმაც ნიკა გვარამიას განაჩენი გამოუტანა და ცნობილი ოპოზიციონერი ფიგურების დაპატიმრების გამოცდილება აქვს, განაცხადა, რომ მასზე ზეწოლა განხორციელდა ელჩი დეგნანის წარმომადგენლის მიერ, რომელმაც მას საქმის შესახებ ჰკითხა გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ. (ელჩმა დეგნანმა სასამართლო სისტემაში რაიმე ჩარევა არაერთხელ უარყო)., - ნათქვამია სტატიაში. 

სტატიაში ასევე ვრცლადაა საუბარი, რომ საქართველო, "რამდენიმე თვეში, მტკიცე დასავლელი მოკავშირიდან ანტაგონისტურ პროკრემლისტურ რეჟიმზე გადავიდა" და მისი " მისი მცდელობები, გაწევრიანდეს ევროკავშირსა და ნატოში, ეჭვქვეშ დგას".

როდესაც საქართველოს მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ცოტა ხნის წინ ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩებს შეუტია, ეს იყო უახლესი ნიშანი იმისა, რომ ქვეყანა, რამდენიმე თვეში, მტკიცე დასავლელი მოკავშირიდან ანტაგონისტურ პროკრემლისტურ რეჟიმზე გადავიდა. მისი მცდელობები კი  გაწევრიანდეს ევროკავშირსა და ნატოში, ახლა ეჭვქვეშ დგას..., - წერს სტატიის ავტორი. 

სტატიაში საუბარია ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზეც. სტატიის ავტორი წერს, რომ "ექსპერტები საქართველოს რუსეთისკენ მკვეთრად შემობრუნებაში მილიარდერ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებენ, რომელმაც დააარსა "ქართული ოცნება" და მასზე დიდი გავლენის მოხდენას განაგრძობს". 

"მისმა ბოლოდროინდელმა პრორუსულმა, პუტინის სტილში, ანტიდემოკრატიულმა ქმედებებმა და მისმა მმართველობამ არაფორმალური პირების მიერ, დაადასტურა, რომ ივანიშვილი საქართველოს არაფორმალური მმართველი და რუსეთის მოკავშირეა", - ამბობს საქართველოს ყოფილი ელჩი შეერთებულ შტატებში ბათუ ქუთელია Foreign Policy-სთან. ამის დასტურად ის ამბობს იმასაც, რომ "საქართველოს ამჟამინდელი პრემიერმინისტრი მის ერთგვარ პირად თანაშემწედ მუშაობდა და [ივანიშვილის] ბანკ "ქართუშიც" მუშაობდა.

1990-იან წლებში, რუსეთის პრივატიზაციის დროს, ივანიშვილმა, ძირითადად ლითონებსა და საბანკო საქმეებში ბიზნესები და ჰოლდინგი დააგროვა, რომლებიც მან მილიარდ დოლარად გაყიდა. თავისი სიმდიდრის დიდ ნაწილს კი ის ოფშორებში ინახავს და ჩნდება Panama Papers-ში, Pandora Papers-სა და Suisse Secrets-ში. 2012 წელს კი მან "ქართული ოცნება" დააფუძნა, რომელმაც იმავე წელს დაამარცხა მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". მას შემდეგ, მიუხედავად ივანიშვილის ე.წ. პოლიტიკიდან წასვლისა 2013 და 2021 წლებში, ["ქართული ოცნება"] ხელისუფლებაშია", - ნათქვამია სტატიაში. 

აქვე, საუბარია ქართველი ხალხის მისწრაფებებზე, გახდეს საქართველო ევროკავშირისა და ნატოს წევრი. სტატიის ავტორს ამის მაგალითად მოჰყავს 2022 წლის 20 ივნისს გამართული აქცია: "ქართული ოცნების" აშკარა პოზიციისგან განსხვავებით, ქართველების 80%-ზე მეტს ევროკავშირში გაწევრიანება, 70%-ზე მეტს კი ნატოში შესვლა სურს. 20 ივნისს, ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანების მხარდაჭერის მიზნით გამართულ აქციაზე დაახლოებით 120 000 ქართველი გამოვიდა".

სტატია სრულად

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი