საქართველო შესაძლოა უდიდესი რეპუტაციული საფრთხის წინაშე დადგეს. მსოფლიო თანამეგობრობას "ქართული ოცნების" ხელისუფლების მისამართით ახალი და უხერხული შეკითხვები აქვს. მიმდინარეობს გამოძიება, დასავლური მედია კი აქტიურად წერს, რომ უპილოტო აპარატები შაჰიდ 136, რომლითაც პუტინმა უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობა დაბომბა, რუსეთმა საქართველოს გავლით მიიღო.
საერთაშორისო სკანდალის ეპიცენტრში ქვეყანა პირველად ჯერ კიდევ სექტემბერში აღმოჩნდა, მაშინ როდესაც შეერთებული შტატების მიერ დასანქირებულმა ირანულმა ავიალაინერმა აზერბაიჯანის უარის შემდეგ საქართველოს საჰაერო სივრცით ისარგებლა და ტვირთი რუსეთში ჩაიტანა.
თუ დადასტურდა, რომ თვითმფრინავი ირანული დრონებით იყო დატვირთული, ეს იქნება მტკიცებულება ქვეყნის წინააღმდეგ, რომ საქართველო სასტიკ ომში ტერორისტი სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენია.