უკრაინის პრეზიდენტის აპარატში საუბრობენ, რა სანქციები შეიძლება დაუწესოს ევროკავშირმა რუსეთს მომდევნო, მეცხრე პაკეტში. პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილის, იგორ ჟოვქვას განცხადებით, "იქნება ისეთი რამ, რაც არ იყო წინა პაკეტებში".
"მაგალითად, ზოგიერთი რუსული და ბელარუსული ბანკი ჯერ კიდევ არ არის გათიშული SWIFT-დან, მაგალითად, გაზპრომბანკი. ან ფასის ლიმიტი ნავთობზე. ასევე წინა პაკეტებში რუსული გაზის შეზღუდვები ჯერ არ არის შეტანილი“, - განაცხადა მან.
მისივე თქმით, ჯერ კიდევ არ არის აკრძალული რუსული გემების ევროპულ პორტებში შესვლა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
„ასევე, რუსებისთვის ევროპის ქვეყნებში შესვლის, ანუ ვიზების გაცემის შესაძლებლობის ჩამორთმევა ყველა კატეგორიისთვის - ეს ასევე არ შედიოდა წინა პაკეტებში. ამიტომ, ამაზე ვიმუშავებთ. დარწმუნებულები ვართ, რომ შემდეგი პაკეტი უფრო ძლიერი უნდა იყოს“, - განმარტა ხელმძღვანელის მოადგილემ.
მისივე ინფორმაციით, გრძელდება მუშაობა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზეც.
შეგახსენებთ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მერვე პაკეტი ევროკავშირმა 6 ოქტომბერს დაამტკიცა. ის ითვალისწინებს ნავთობის ფასის ლიმიტის დაწესებას მესამე ქვეყნებისთვის, ახალ აკრძალვებს 7 მილიარდი ევროს ღირებულების პროდუქციის იმპორტსა და ექსპორტზე.
სანქციები ასევე დაწესდება ომში ჩართული 35 ახალი პირისა და კომპანიის მიმართ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფიქტიური რეფერენდუმის ჩატარებისა და პროპაგანდისთვის.