უკრაინის რადას დეპუტატი, ოლექსეი გონჩარენკო ამბობს, რომ პუტინის მოწინააღმდეგე, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც პოლიტიკური პატიმარია, უნდა გათავისუფლდეს.
"მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს. ვთვლი რომ ის პოლიტიკური პატიმარია. ვიმედოვნებ რომ შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული იქნება. ცხადია რომ ვლადიმერ პუტინს მიხეილ სააკაშვილი ძალიან არ უყვარს და ბედნიერია რომ ის ციხეში ზის. ეს ფაქტია რომელიც არანაირ ეჭვს არ იწვევს. ჩემი შეფასებით, საქართველოს მთავრობა რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში ძალიან ტოლერანტულია. რეზოლუციას მხარი საქართველოს წარმომადგენლებმაც დაუჭირეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია",- ამბობს გონჩარენკო.
გონჩარენკომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
"ჩვენ ვაცხადებთ რუსეთის რეჟიმს ტერორისტულ რეჟიმად, რაც სრული სიმართლეა. ჩვენ ვამბობთ, პირველად ამ დონეზე, რომ რუსეთი ყოველგვარი საფუძვლის გარეშე იკავებს ადგილს გაეროს უშიშროების საბჭოში და ამას ბოროტად იყენებს. ასე რომ, ეს ძალიან ძლიერი რეზოლუციაა და მე ყველას მოვუწოდებ, რომ მას მხარი დაუჭირონ. მაგრამ მე მინდა, რომ კიდევ გადავდგათ ნაბიჯი წინ და ფართო სურათი დავინახოთ. რამდენიმე დღის წინ ჯოზეფ ბორელმა მიმართა ევროპელ ელჩებს და თქვა რამდენიმე მნიშვნელოვანი რამ. პირველი, რომ ევროპის კეთილდღეობა იაფ რუსულ გაზსა და ჩინურ ბაზარზე არის დამოკიდებული. ეს მართლაც ასეა და ეს დამოკიდებულება მნიშვნელოვანი გახდა და ჩვენ ამ პირობებში ვეღარ ვიცხოვრებთ. ჩვენ საკმარისად ძლიერები უნდა ვიყოთ, რომ ვაღიაროთ: საუკეთესო ენერგეტიკა ჩვენი საკუთარი ენერგეტიკაა, სუფთა ენერგეტიკა მოდის სუფთა მთავრობებიდან",- თქვა მან.