გორის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, მარლენ ნადირაძის საცხოვრებელი სახლი გაქურდეს. "მთავარი არხის" ინფორმაციით, წაღებულია მეხსიერების ბარათები, რომელზეც "ქართული ოცნების" ადგილობრივი ორგანიზაციის ფინანსური მასალები ინახებოდა. სახლიდან სხვა არაფერია წაღებული.
ქურდობასთან დაკავშირებით, თავად დაზარალებული კომენტარს არ აკეთებს. ის უკვე გამოკითხეს სამართალდამცველებმა. შსს-მ გამოძიება 177-ე, ქურდობის მუხლით დაიწყო.
რაც შეეხება მომხდარს. არსებული ინფორმაციით, დაუდგენელი პირი ნადირაძის სახლში მაშინ შევიდა, როდესაც ოჯახის წევრები იქ არ იმყოფებოდნენ. უკან დაბრუნებულებმა კი შენიშნეს, რომ კარი ღია იყო, რის შემდეგაც პოლიცია გამოიძახეს.
ქურდობის ფაქტს შესახებ ინფორმირებულია, გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე. მისი თქმით არ იცის, რა ინახებოდა წაღებულ მეხსიერების ბარათზე.
"საუბრისას ახსენა, რომ როდესაც გურიაში იყო, იქ სიძე გარდაეცვალა, შეამჩნია, რომ ფანჯარა იყო გაღებული... რომ ნახა რაც მოიპარეს, ეს არის ორი მეხსიერების ბარათი, დანარჩენი ისეთი არაფერი წაღებული არ არის ძვირადღირებული. არ ვიცი [რა ინფორმაცია] ინახებოდა, ნამდვილად არ ვიცი" - ამბობს დავით რაზმაძე "მთავართან" სატელეფონო კომენტარში.
მარლენ ნადირაძე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა, თუმცა საარჩევნო პროცესებში აქტიურადაა ჩართული და ხელი მიუწვდება "ოცნების" ადგილობრივი ორგანიზაციის დოკუმენტაციაზე.