მსოფლიო უდიდესი კულტურული ძეგლის გადასარჩენად ირაზმება. თურქეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას აია სოფიას მეჩეთად გარდაქმნასთან დაკავშირებით უმწვავესი კრიტიკა მოყვა.

მსოფლიო ლიდერებს მიაჩნიათ, რომ ეს რეჯეფ თაიფ ერდოღანის მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ კულტურული ან რელიგიური მნიშვნელობის გადაწყვეტილება არაა. თურქეთი სულ უფრო შორდება დასავლურ სამყაროს და ისტორიული ლიდერის, მუსტაფა ქემალ ათათურქის პოლიტიკურ მემკვიდრეობას.

კაცობრიობის ისტორიაში აშენებულ ერთ-ერთ უდიდეს შენობაში, რომელიც თავდაპირველად მართლმადიდებლური ტაძარი იყო, ისტორიის ბოლო წლებში კი მუზეუმი, ორ კვირაში მუსლიმური რიტუალების აღსრულება დაიწყება.

გადაწყვეტილება იუნესკოსთან შეუთანხმებლად იქნა მიღებული. ერდოღანის ეს ნაბიჯი თითქმის მთელი მსოფლიოსთვის მიუღებელი აღმოჩნდა. გაკეთდა ბევრი ოფიციალური განცხადებაც. ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები თურქეთის გადაწყვეტილებას აკრიტიკებენ, გმობენ. ევროკავშირის კომისარმა საგარეო საკითხებში განაცხადა, რომ ეს ფაქტი უარყოფითად იმოქმედებს მათ ძალისხმევაზე დიალოგსა და თანამშრომლობასთან დაკავშირებით. 

აია სოფია - წმინდა სოფიას ტაძარი. ეს სახელწოდება ბერძნულიდან ითარგმნება, როგორც წმინდა სიბრძნე და ეძღვნება წმინდა სამების მეორე იპოსტასს, იესო ქრისტეს.

მეტი სიცხადისთვის, ტაძრის ისტორიას გადავხედოთ. ბიზანტიური მართლმადიდებლური ეკლესია 1453 წელს ოსმალთა შემოსევის შემდეგ მეჩეთად გადაკეთდა, თუმცა მანამდე გაუძლო საუკუნეებს, ბუნებრივ კატაკლიზმებსა იმ ტრაგედიებს, რაც პოლიტიკისა და რელიგიის თანაცხოვრების შედეგად თავს გადახდა. დღეს აია სოფია ისევ 1453 წელში დაბრუნდა, როდესაც მართლმადიდებლური ეკლესია მეჩეთად გადააკეთეს. 

ერდოღანის თქმით, კულტურული ძეგლი შენარჩუნებული იქნება. მიუხედავად ამისა, აია სოფიაში 24 ივლისიდან მუსლიმური პარასკევის ლოცვა ჩატარდება, რა დროსაც ტაძარში არსებული ყველა მართლმადიდებლური მოზაიკა დაიფარება. 

ტურისტებისთვის, აია სოფია ისევ ღია იქნება, თუმცა შეზღუდვებით. თურქეთის პრეზიდენტის უახლეს ინიციატივამდე, 1935 წლიდან, მსოფლიო ხუროთმოძღვრების შედევრის სეკულარიზაცია მოხდა და აია სოფია მუზეუმად გადააკეთეს. თითოეული ადამიანისთვის შესაძლებელი იყო ისტორიული მნიშვნელობის ძეგლის სტუმრობა და თითოეული მოზაიკის ნახვა. 

ისტორიკოსები და ხელოვნებათმცოდნეები თანხმდებიან, რომ მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლი დიდი საფრთხის ქვეშ დადგა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი