
დაუნინგ სტრიტის ცნობით, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი, რიში სუნაკი და მისი კანადელი კოლეგა, ჯასტინ ტრუდო ესაუბრნენ უკრაინის პრეზიდენტს და ხაზი გაუსვეს "სრული გამოძიების მნიშვნელობას" პოლონეთში ჩამოვარდნილი რაკეტის შესახებ.
"მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ როგორიც არ უნდა იყოს ამ გამოძიების შედეგი, პუტინის შეჭრა უკრაინაში არის მთავარი დამნაშავე მიმდინარე ძალადობაში", - ნათქვამია დაუნინგ სტრიტის განცხადებაში ოთხშაბათს.
ცნობისთვის, გუშინ პოლონეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს, სოფელ პრჟედვოდოვში რაკეტა ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. პოლონეთმა თქვა, რომ რაკეტა რუსული წარმოებისაა.
ნატო-ს წევრ პოლონეთზე მიზანმიმართულმა, მტრულმა თავდასხმამ შეიძლება გამოიწვიოს ალიანსის კოლექტიური სამხედრო პასუხი.
პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ ოთხშაბათს საღამოს გამართულ მიმართვაში განაცხადა, რომ ვარშავას არ აქვს ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ ზუსტად გაუშვა რაკეტა, რომელიც პოლონეთის ტერიტორიაზე დაეცა და დაადასტურა, რომ ის რუსული წარმოების იყო. პოლონეთმა მოიწვია საერთაშორისო ექსპერტები აფეთქებების გამოსაძიებლად. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ მას "არაფერი აქვს საერთო" პოლონეთში მომხდართან.