
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს Bloomberg New Economy Forum-ის კონფერენციაზე თქვა, რომ პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნის გარემოებების გამოძიებაში უკრაინელი ექსპერტებიც მიიღებენ მონაწილეობას.
"გუშინ მივიღეთ დადასტურება, რომ ჩვენი სპეციალისტები მიიღებენ მონაწილეობას გამოძიებაში. გამოძიების დასრულებამდე ჩვენ ვერ ვიტყვით ზუსტად რომელი რაკეტები ან მათი ნაწილები ჩამოვარდა პოლონეთის ტერიტორიაზე. მაგრამ ჩვენ ვნახეთ კრატერის დიამეტრის სურათები. ეს არ შეიძლება იყოს მხოლოდ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების ნარჩენები", - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ყველამ უნდა გაიგოს, რომ იმ დღეს რუსეთმა უკრაინაში 100-მდე რაკეტა ისროლა. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა რუსული რაკეტის ნაწილები სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ვარდება. ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ 100%-იანი სიზუსტით არ იცის რა მოხდა ამჯერად
"მსოფლიომ ასევე არ იცის 100%. დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო რუსული რაკეტა. ჩვენ მადლობელი ვართ, რომ ჩვენ არ გვადანაშაულებენ, რადგან ჩვენს ტერიტორიაზე რუსულ რაკეტებს ვებრძვით", - განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, 15 ნოემბერს, პოლონეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს, სოფელ პრჟედვოდოვში რაკეტა ჩამოვარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. პოლონეთმა თქვა, რომ რაკეტა რუსული წარმოებისაა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა კონფლიქტის დროს ნატო-ს წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე რაკეტა ჩამოვარდა.
პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ თქვა, რომ მაღალი ალბათობით პოლონეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რაკეტა უკრაინის მხრიდან თავდაცვისთვის იყო გამოყენებული და არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ აღნიშნული პოლონეთზე მიზანმიმართული თავდასხმა იყო.
პოლონეთმა მოიწვია საერთაშორისო ექსპერტები აფეთქებების გამოსაძიებლად. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ მას "არაფერი აქვს საერთო" პოლონეთში მომხდართან.