"გვინდა, რომ საქართველოც ჩვენთან ერთად იდგეს უკრაინის გვერდით." - ამბობს ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა "მთავარ არხთან" ბრიუსელში მიმდინარე კონფერენციის დასრულების შემდეგ, სადაც ოლიგარქებსა და რუსულ კავშირებზე მსჯელობდნენ.
ევროპარლამენტრის თქმით, კონფერენციის მთავარი მიზანი, საქართველოს ხელისუფლების დარწმუნებაა, რომ არავინ ცდილობს საქართველოს ან რომელიმე სხვა ქვეყნის ომში ჩათრევას.
"უკრაინაში მიმდინარე ომი, რომელსაც რუსეთის ფედერაცია აწარმოებს, მთელ მსოფლიოს ეხება. ამიტომ, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უკრაინამ ამ ომში გაიმარჯვოს და გვინდა, რომ საქართველოც ჩვენთან ერთად იდგეს უკრაინის გვერდით. ამ კონფერენციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო, რომ ქართველი ხალხი, ისევე როგორც საქართველოს ხელისუფლება, დაგვერწმუნებინა, რომ არავინ ცდილობს საქართველოს ან რომელიმე სხვა ქვეყნის ომში ჩათრევას. პირიქით, ჩვენ ვცდილობთ რუსეთის შეკავებას, მის განდევნას უკრაინის ტერიტორიიდან, რათა უკრაინის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა იყოს დაცული"- ამბობს ფოტიგა.
გარდა ამისა, ევროპარალამენტარის თქმით, ძალაუფლების მქონე ოლიგარქი ძალიან დიდი პრობლემაა საქართველოსთვის და ფასი უნდა გადაიხადოს მათ, ვინც პასუხისმგებელია ქვეყნის დასუსტებაზე და დასავლეთთან დაშორორებაზე.
"მე ვთვლი, რომ ძალაუფლების მქონე ოლიგარქი ძალიან დიდი პრობლემაა საქართველოსთვის. მე მახსოვს, როდესაც ჩვენ ვაფასებდით განვითარებულ მოვლენებს მოლდოვაში, როდესაც ყველაზე ძალაუფლების მქონე ადამიანებს პლახიოტნიუკს ჰქონდა გავლენა მოლდოვის ხელისუფლებაზე. ცვლილებების შემდეგ შესაძლებელი გახდა ხელისუფლების შეცვლა და სათავეში პრო ევროპელი მაია სანდუ მოვიდა. ვიცი, რომ მოლდოვაში ხალხი ღარიბად ცხოვრობს და ბევრს საკუთარი მომავლის ეშინია, მაგრამ უსაფრთხოების საკითხი მნიშვნელოვანია და ჩვენ მან ქვეყანას ყველანაირად ვეხმარებით.
მე როგორც ვიცი, ახლანდელი და წინა მინისტრები, ასევე ბევრი სამინისტრო საქართველოში იყო ბიძინა ივანიშვილის ეკონომიკური იმპერიაში დასაქმებულები და მისი ქვეშევრდომები იყვნენ. მართალია, ის პოლიტიკური პარტიის დამაარსებელია, მაგრამ მე დამკვირვებელი ვიყავი არჩევნებზე საქართველოში და არა მხოლოდ მე, არამედ სხვა დამკვირვებლებსაც გაუჩნდათ ეჭვები საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით" - ამბობს ევროპარლამენტარი.
შეგახსენებთ, რომ კონფერენციის სახელწოდებით „ოლიგარქი, რუსული კავშირები, ომი უკრაინაში და საქართველოს მომავალი“, ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას ინიციატივით ტარდება.
კონფერენციის მონაწილეთა შორის არიან აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი, ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი, უკრაინის რადას დეპუტატი ოლექსეი გონჩარენკო, პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის პროფესორი თორნიკე გორდაძე და უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაური მამუკა მამულაშვილი.
ბანერზე კი, რომლითაც ანა ფოტიგამ კონფერენცია ტვიტერზე დააანონსა, მონაწილეების გარდა, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ფოტოა გამოსახული.