ორშაბათს კრემლმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ყირიმის ხიდზე "მერსედესით" მოძრაობს. ვიდეოს მიხედვით, მის გვერდით ვიცე-პრემიერი იმყოფებოდა, რომელმაც პუტინს ოქტომბერში ესაუბრა ხიდის შეკეთების შესახებ.
ეს არის პუტინის პირველი გამოჩენა ომის ზონასთან ასე ახლოს უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ.
"მარჯვენა მხარეს ვმოძრაობთ. ხიდის მარცხენა მხარე, როგორც მივხვდი, მუშა მდგომარეობაშია, მაგრამ მაინც დასრულებას საჭიროებს. ის მაინც ცოტა დაშავდა, თქვენ უნდა მიიყვანოთ იგი იდეალურ მდგომარეობაში", - ამბობს პუტინი ვიდეოში.
ხიდის მარჯვენა მხარეს ანექსირებული ყირიმიდან კრასნოდარის ტერიტორიისკენ მიდის. რუსეთის ვიცე-პრემიერმა თქვა, რომ ყირიმის ხიდის მარცხენა მხარის აღდგენის სამუშაოები მარტის ბოლოს დასრულდება.
პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა, კითხვაზე პასუხად, რატომ მართავდა პუტინი "მერსედესს" და არა რუსულ მანქანას, მან თქვა, რომ "ადგილზე იყო ასეთი მანქანა".
8 ოქტომბერს ქერჩის სრუტეზე გადასასვლელ ხიდზე აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც გზის ნაწილი ჩამოინგრა და რკინიგზის ლიანდაგები დაზიანდა. რუსეთის ხელისუფლების განცხადებით, ხიდზე სატვირთო მანქანა აფეთქდა, ცეცხლი კი მატარებლის საწვავის ავზებს მოედო.
რუსეთმა თქვა, რომ მომხდარის უკან უკრაინის საიდუმლო სამსახურები, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები იდგნენ, რომლებიც თავდასხმის მომზადებაში მათ დაეხმარნენ.