უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელმა დამცველებმა რუსული ოკუპაციისგან 1 888 დასახლება გაათავისუფლეს. მისი თქმით, თითქმის ამდენივე ქალაქი და სოფელი ჯერ ისევ ოკუპირებული რჩება.
"24 თებერვალს რუსეთმა ჩვენს წინააღმდეგ ტოტალური ომი დაიწყო.და ეს არის გადარჩენის ომი. ჩვენი ასობით ქალაქი და სოფელი უბრალოდ მთლიანად დაიწვა რუსული დარტყმების გამო.
ჩვენ უკვე მოვახერხეთ 1888 დასახლების ოკუპაციისგან გათავისუფლება. მაგრამ უკრაინის თითქმის ამდენივე ქალაქი და სოფელი რჩება ოკუპაციის ქვეშ. და ეს ნიშნავს, რომ ახლა უკრაინის ბრძოლის ველზე მილიონობით ადამიანის ბედი წყდება. მილიონები, რომელთა გადარჩენა შესაძლებელია", - თქვა ზელენსკიმ.
მისი თქმით, არ აქვთ უფლება უკრაინელი ხალხი დატოვონ რუსეთის ოკუპაციაში, ფილტრაციის ბანაკებში და რუსეთის ტერიტორიაზე, სადაც ასიათასობით უკრაინელი იძულებით გადაიყვანეს.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ დასავლეთის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ არ არის პოლიტიკა, არამედ ეს ცხოვრებაა.