უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთს მოუწოდებს, უკრაინის ტერიტორიიდან ჯარების გაყვანა საშობაოდ დაიწყოს და სულ მცირე, ეცადოს დაამტკიცოს, რომ შეუძლია აგრესიის მიტოვება. ამის შესახებ მან "დიდი შვიდეულის" ლიდერებთან მიმართვისას განაცხადა.
"ვთავაზობ რუსეთს გადადგას კონკრეტული და მნიშვნელოვანი ნაბიჯი დიპლომატიური მოგვარებისკენ, რასაც მოსკოვი რეგულარულად ახსენებს.
ძალიან მალე გვექნება დღესასწაულები, რომლებსაც მილიარდობით ადამიანი აღნიშნავს. შობა - გრიგორიანული კალენდრის მიხედვით ან ახალი წელი და შობა - იულიუსის კალენდრის მიხედვით. ეს არის დრო, როცა ნორმალური ადამიანები მშვიდობაზე ფიქრობენ და არა აგრესიაზე. ვთავაზობ რუსეთს, სულ მცირე, ეცადოს დაამტკიცოს, რომ შეუძლია აგრესიაზე უარის თქმა.
მართებული იქნებოდა რუსეთის ჯარების გაყვანა უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიიდან შობის დღესასწაულზე დაიწყოს. თუ რუსეთი გაიყვანს თავის ჯარებს უკრაინიდან, ის უზრუნველყოფს საომარი მოქმედებების ხანგრძლივ შეწყვეტას", - თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მშვიდობის ფორმულის ნაწილია, რომ ოკუპანტმა დატოვოს უკრაინის მიწა. ზელენსკიმ თქვა, რომ ეს აუცილებლად მოხდება და ვერ ხედავს მიზეზს, რომ რუსეთმა ეს არ გააკეთოს ახლა - შობის დღესასწაულზე.