იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ბექა ძამაშვილი არ პასუხობს კითხვას, რატომ არ მიეცა მიხეილ სააკაშვილს შესაძლებლობა მის სასამართლო პროცესს დისტანციურად დასწრებოდა.
ძამაშვილის მტკიცებით, მესამე პრეზიდენტს არცერთ ეტაპზე არ შეფერხებია უფლებების დაცვა.
"სამინისტრო, რა თქმა უნდა, როგორც აქამდე, გააგრძელებს მისი უფლებების დაცვას. მას არცერთ ეტაპზე არ შეფერხებია უფლებების დაცვა, პირიქით ყოველთვის უზრუნველყოფდა... მიზეზი ხომ იცით, ხომ გაჟღერდა მიზეზი, პირი იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში და სამედიცინო დაწესებულება არ არის მოწყობილი იმისთვის, რომ ასეთი რაღაც.. კითხვა, ხომ დასვით პასუხიც მიიღეთ ახლა გააშუქებთ როგორც....", - თქვა ბექა ძამაშვილმა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა დღეს, 14 დეკემბერს გაიმართა. ადვოკატები მიხეილ სააკაშვილის პროცესზე დასწრებას ითხოვდნენ, ამის სურვილი თავად მესამე პრეზიდენტსაც ჰქონდა, თუმცა სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა თქვა, რომ უწყებას ამ ეტაპზე კლინიკა "ვივა მედში" არ აქვს შესაბამისი ტექნიკური მოწყობილობები, რომ მესამე პრეზიდენტის სხდომაზე დისტანციურად ჩართონ.
საპირისპირო განცხადება გააკეთა პროცესის დაწყებამდე ვივა მედის კლინიკურმა დირექტორა. ზურაბ ჩხაიძემ თქვა, რომ კლინიკა მზად იყო მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩაერთო.
საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 22 დეკემბერს გაიმართება.
სასჯელის გადავადებაზე ან მიხეილ სააკაშვილის სრულად გათავისუფლებაზე შუამდგომლობა დაცვის მხარემ სამედიცინო დასკვნების საფუძველზე დააყენა - საქმეს დართული აქვს ამერიკელი ექსპერტების დასკვნა, ასვე, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმისა და ცენტრ ემპათიის დასკვნები.
სახალხო დამცველის ინიციატივით, შექმნილმა ექიმთა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილი 4 დეკემბერს მოინახულა, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დასკვნა მათ 6 დეკემბერს გამოაქვეყნეს. ექიმები მიხეილ სააკაშვილის დამძიმებულ მდგომარეობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ჯობს დროულად გამოიცვალოს მისი სამკურნალო ადგილი.
ნინო ლომჯარიას თქმით, ამ დასკვნის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა აკმაყოფილებს მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას. მან მიხეილ სააკაშვილის საქმეზე, სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა.
მანამდე გასაჯაროვდა ამერიკელ ექსპერტთა დასკვნა. ტოქსიკოლოგიურ დასკვნაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში დიდი რაოდენობით ვერცხლისწყალი და დარიშხანია აღმოჩენილი. დასკვნის ავტორი დევიდ სმიტი აღნიშნავს იმასაც, რომ ნივთიერებები მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში ციხეში შესვლის შემდეგ მოხვდა.