მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე პენიტენციურ სამსახურში მივიდა. ხაჭაპურიძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ უწყება არ შეასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და დაცვის მხარეს არ გადასცემს მიხეილ სააკაშვილის კადრებს, პასუხისმგებელი პირის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს.
"მოვედი, რომ თუ უახლოეს პერიოდში არ გადმოგვეცემა დისკები, პირველი, მივმართავ პროკურატურას აღიძრას სისხლის სამართლის საქმე პენიტენციურის წინააღმდეგ სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობაზე და პასუხისმგებელი პირის მიმართ შევიტან სარჩელს და დავუყადაღებ თუ რაიმე გააჩნია", - თქვა შალვა ხაჭაპურიძემ.
კადრების გადაცემის შუამდგომლობა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა 14 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე დააყენა, სასამართლომ აღნიშნული დააკმაყოფილა და პენიტენციურ სამსახურს დაავალა, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ყველა დაცული ვიდეომასალა, დაცვის მხარეს გადასცეს.
შალვა ხაჭაპურიძე ასევე გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებას, რომელშიც უწყება მიხეილ სააკაშვილის მოწამვლაზე განცხადებებს მანიპულაციას უწოდებდა. ხაჭაპურიძის თქმით, პენიტენციურის განცხადება ჭორაობაა.
"ჭორაობის დონის განცხადებაა, სიმართლე გითხრათ, მაგაზე სერიოზული კომენტარის გაკეთებისგან თავს შევიკავებ. საქმის მასალები საქმეში დევს და რაზეც საუბრობენ განცხადებაში ამასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესზე გვექნება მსჯელობა. გერმანიაში ჩატარებული ანალიზებში იქნა პასუხები აღმოჩენილი სააკაშვილის სისხლში მძიმე მეტალების არსებული ნივთიერებების შესახებ, შემდეგ ჩვენ ჩავატარეთ, ჩვენთანაც დადასტურდა, შესაბამისად, სადაო ფაქტი არაა. თუ ვინმე ეს სადავოდ მიაჩნია, გუშინ ველოდით გამომძიებელს სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან და არ მოვიდა", - თქვა ხაჭაპურიძემ.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი 22 დეკემბერს გაიმართება.
სასჯელის გადავადებაზე ან მიხეილ სააკაშვილის სრულად გათავისუფლებაზე შუამდგომლობა დაცვის მხარემ სამედიცინო დასკვნების საფუძველზე დააყენა - საქმეს დართული აქვს ამერიკელი ექსპერტების დასკვნა, ასვე, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმისა და ცენტრ ემპათიის დასკვნები.
სახალხო დამცველის ინიციატივით, შექმნილმა ექიმთა კონსილიუმმა მიხეილ სააკაშვილი 4 დეკემბერს მოინახულა, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დასკვნა მათ 6 დეკემბერს გამოაქვეყნეს. ექიმები მიხეილ სააკაშვილის დამძიმებულ მდგომარეობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ჯობს დროულად გამოიცვალოს მისი სამკურნალო ადგილი.
ნინო ლომჯარიას თქმით, ამ დასკვნის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა აკმაყოფილებს მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას. მან მიხეილ სააკაშვილის საქმეზე, სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა.
მანამდე გასაჯაროვდა ამერიკელ ექსპერტთა დასკვნა. ტოქსიკოლოგიურ დასკვნაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში დიდი რაოდენობით ვერცხლისწყალი და დარიშხანია აღმოჩენილი. დასკვნის ავტორი დევიდ სმიტი აღნიშნავს იმასაც, რომ ნივთიერებები მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში ციხეში შესვლის შემდეგ მოხვდა.