კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლიდიმირ ზელენსკი განცხადებას ეხმაურება, რომელმაც ხელისუფლებას საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის, ევროპის ან ამერიკის რომელიმე კლინიკაში გადაყვანა სთხოვა.
წულუკიანის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ადგილი მხოლოდ საპატიმროშია.
"მინდა, პირველ რიგში, ბატონ ზელენსკის და მის გუნდს ვუსურვო წარმატება იმ საზარელ ომში, რომელიც მიმდინარეობს რუსეთის მხრიდან უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიის შედეგად. უნდა შევახსენო, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პრეზიდენტი და საბედნიეროდ, ყოფილი პრეზიდენტი საქართველოსი, რომელმაც თავისი პრეზიდენტობისას ჩვენს ქვეყანაში დაამკვიდრა ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევები, მკვლელობები და წამება ციხეში, ციხის გარეთ ასევე ჩაგვრა საზოგადოების თითქმის ყველა ჯგუფში, გარდა იმ გამონაკლისისა, თუ ესა თუ ის ადამიანი მისი ახლო გარემოცვის წევრი არ იქნებოდა, ყველა იყო მსხვერპლი დიდი უსამართლობისა და ადამიანის უფლებების დარღვევის. ამას მოწმობს სტრასბურგის გადაწყვეტილებები და რეალურად ის ციფრები, რომლებიც ადასტურებს სააკაშვილის მმართველობის დროს დანაშაულების ჩადენის უტყუარობას. ასეთი ადამიანის ადგილი გახლავთ საპატიმროში, ბატონო ზელენსკი" - ამბობს წულუკიანი [განცხადებას ავრცელებს "საზოგადოებრივი მაუწყებელი"]
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის შესახებ ვლადიმერ ზელენსკიმ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. მან "ქართულ ოცნებას" თხოვნით მიმართა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება მიეცათ.
მიხეილ სააკაშვილზე სოციალურ ქსელში დაწერა მიხაილო პოდოლიაკმაც.