"ოცნების ლოგიკით, 50 პარტნიორი ქვეყანა, რომელიც იარაღის გვიგზავნის, რუსეთთან ომშია ჩართული" | გონჩარენკო

გამოქვეყნდა:

უკრაინის რადას დეპუტატი ოლექსეი გონჩარენკო საქართველოს მხრიდან უკრაინისთვის "ბუკ"-ის სისტემების გადაცემაზე უარს გამოეხმაურა და საქართველოს მთავრობის პოზიცია გააკრიტიკა.

გონჩარენკო სიცრუეს უწოდებს მმართველი პარტიის განცხადებებს, თითქოს უკრაინისთვის იარაღის გადაცემა ომში ჩართვას ნიშნავს და ეს არგუმენტი "ლოგიკას მოკლებული და ქართველი ერისთვის შეუფერებელია".

გონჩარენკო აღნიშნავს, რომ რუსეთის ომის 11 თვის განმავლობაში საქართველო უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არაფრით დახმარებია.

"2008 წელს როდესაც რუსეთი საქართველოში შეიჭრა, უკრაინა საქართველოს არა ცარიელი სიტყვებითა და ფუჭი საუბრით, არამედ იარაღით დაეხმარა. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტი საქართველოში ჩამოფრინდა და თბილისის ცენტრალურ მოედანზე იდგა, ამ დროს კი რუსული ტანკები თბილისისკენ მოდიოდნენ.

უკრაინაში ძალიან ბევრი რუსული იდეოლოგიის მატარებელი პოლიტიკოსი იყო, თუმცა რუსეთის არავის შეშინებია. ფაქტი ერთია - უკრაინა საქართველოს იარაღით დაეხმარა. უკვე 11 თვეა უკრაინაში ბარბაროსული ომი მიმდინარეობს, საქართველოს მთავრობას კი  ჩვენთვის 1 ცალი ვაზნაც არ გამოუგზავნია. უკრაინის შეიარაღებულ ძალებს არაფრით დახმარებია. ეს არის განსხვავება უკრაინის მაშინდელ ხელისუფლებსა  და საქართველოს დღევანდელ მთავრობას შორის.

15 წლის შემდეგ იმაზე საუბარი რომ საქართველოსთვის გადაცემული ბუკის საზენიტო სისტემები გაფუჭებული იყო, სირცხვილია. თუ ეს სიმართლეა აქამდე სად იყვნენ?! 11 წელია ხელისუფლებაში არიან, ახლა გაახსენდათ?! ხმას რატომ არ იღებდნენ. არ უნდა დააფურთხო იმ ხელებს, საიდანაც იკვებები! იარაღით ყველა პარტნიორი ქვეყნის მთავრობა გვეხმარება, გარდა მოძმე ქვეყნისა - საქართველოსი. ქართული ოცნების მთავრობა ამბობს რომ უკრაინის იარაღით დახმარება ომში ჩართვას ნიშნავს. მათი ლოგიკით გამოდის რომ 50 პარტნიორი ქვეყანა, რომელიც იარაღის გვიგზავნის რუსეთთან ომშია ჩართული. ეს არის სიცრუე და სიყალბე. ლოგიკას მოკლებული და ქართველი ერისთვის შეუფერებელი არგუმენტია", - ამბობს გონჩარენკო.

ცნობისთვის, უკრაინის საგარეო საქმეთა დროებითი რწმუნებულმა უკრაინულ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინამ საქართველოს სთხოვა 2008 წლის ომის დროს გადაცემული "ბუკის" კომპლექსების დაბრუნება. ანდრეი კასიანოვის განცხადებას მეორე დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა და თქვა, რომ ინფორმაცია, თითქოს უკრაინამ "ბუკ"-ის სისტემები უსასყიდლოდ გადასცა საქართველოს, არ შეესაბამება სიმართლეს. სამინისტრო წერდა, რომ აღნიშნული მრავალმილიონიანი შესყიდვით "ბუკ"- ის სისტემა თავდაცვის უწყებამ 2007 წელს მიიღო.

ხელისუფლება უკრაინისთვის საბრძოლო იარაღის გადაცემაზე უარს აცხადებს. მმართვლი პარტიის წარმომადგელები ამტკიცებენ, რომ ეს უკრაინის მხრიდან საქართელოს "ომში ჩართვის მცდელობაა". გარდა ამისა, დღეს, 11 იანვარს ქართული ონცების დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა თქვა, რომ უკრაინიდან რაღაცები საქართველომდე საერთოდ არ ჩამოსულა, რაღაცები ვადაგასული აღმოჩნდა".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი