რადას დეპუტატის იური კამელჩუკის თქმით, უკრაინას არ უკვირს, რომ საქართველოს მთავრობამ უარი უთხრა უკრაინას იარაღის გაგზავნაზე, რადგან "საქართველოს რუსული ძალა და პრორუსი ოლიგარქი მართავს".
კამელჩუკის სიტყვებით, საქართველოს მთავრობის განცხადებები, თითქოს უკრაინისგან გადაცემული "ბუკ"-ის სისტემები ვადაგასულია, აზრს მოკლებულია.
"რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად საქართველოსთვის იარაღის მიწოდება, მეგობრული ჟესტია. ჩვენი მიზანი იყო მძიმე დროს ქართველ ერს დავხმარებოდით. დღეს იგივე მდგომარეობაში იმყოფება უკრაინა და ყველა პარტნიორს ვთხოვთ რუსული აგრესიის შესაჩერებლად იარაღით დაგვეხმაროს. საქართველოს რუსული ძალა და პრორუსი ოლიგარქი მართავს. არც გვიკვირს, რომ საქართველოს მთავრობამ უარი გვითხრა. საქართველოს ომში ჩართვა? ოცნების ლოგიკით მესამე მსოფლიო ომი მიმდინარეობს და ჩვენი პარტნიორები რუსეთთან ომში ჩართული არიან. აზრს მოკლებული ლოგიკაა. სამწუხაროდ ეს საქართველოს პრორუსული ხელისუფლების აზრია. ისინი რუსეთთან თანამშრომლობენ და ასრულებენ იმ ვალდებულებებს რომელიც აღებული აქვთ. 15 წლის შემდეგ ახლა გაახსენდათ ბუკების ამბავი?! აქამდე რატომ დუმდნენ?! აზრს მოკლებული პრეტენზიაა. დარწმუნებული ვარ, რომ ვერაფერს იპოვიან, მსგავსი არაფერი ყოფილა. დაგვეხმარონ, გამოგვიგზავნონ ბუკის საზენიტო სისტემები, თუ დაზიანებულია, ჩვენ თვითონ შევაკეთებთ და ომში გამოვიყენებთ. საქართველოს მთავრობის მიერ გამოთქმულ პრეტენზიებს, ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს", - ამბობს იური კამელჩუკი.
ცნობისთვის, უკრაინის საგარეო საქმეთა დროებითი რწმუნებულმა უკრაინულ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინამ საქართველოს სთხოვა 2008 წლის ომის დროს გადაცემული "ბუკის" კომპლექსების დაბრუნება. ანდრეი კასიანოვის განცხადებას მეორე დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა და თქვა, რომ ინფორმაცია, თითქოს უკრაინამ "ბუკ"-ის სისტემები უსასყიდლოდ გადასცა საქართველოს, არ შეესაბამება სიმართლეს. სამინისტრო წერდა, რომ აღნიშნული მრავალმილიონიანი შესყიდვით "ბუკ"- ის სისტემა თავდაცვის უწყებამ 2007 წელს მიიღო.
ხელისუფლება უკრაინისთვის საბრძოლო იარაღის გადაცემაზე უარს აცხადებს. მმართველი პარტიის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ეს უკრაინის მხრიდან საქართველოს "ომში ჩართვის მცდელობაა".
ამავე თემაზე: