თითქმის ერთ წლიანი სრულმასშტაბიანი ომის შემდეგ, რომელიც მოსკოვის აზრით, "სულ რამდენიმე კვირა უნდა გაგრძელებულიყო", რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინის წინააღმდეგი ახალი სამხედრო თავდასხმისთვის ემზადება.
როგორც გამოცემა Bloomberg კრემლთან დაახლოებულ პირებზე დაყრდნობით წერს, ახალი თავდასხმა თებერვლის ან მარტის თვეში უნდა დაიწყოს და მისი მთავარი მიზანი იქნება, კრემლმა მოახდინოს იმის დემონსტრაცია, რომ რამდენიმეთვიანი უკან დახევის შემდეგ მათ სამხედრო ძალებს კვლავ აქვთ შესაძლებლობა ომის მიმდინარეობაში ინიციატივა გამოიჩინონ.
წყაროები ვარაუდობენ, რომ თავდასხმა შეიძლება მანამდე დაიწყოს, სანამ უკრაინა ევროპელი პარტნიორების მიერ დაპირებულ საბრძოლო ტანკებს მიიღებს.
პუტინი გეგმავს, რომ ახალი თავდასხმით ზეწოლა გაზარდოს კიევზე, რათა უკრაინული მხარე გარკვეულ ზავზე დაითანხმოს, რომლის მიხედვითაც უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიები კვლავ რუსული კონტორლის ქვეშ დარჩებიან.
როგორც Bloomberg-ის ანონიმური წყაროები განმარტავენ, თავად პუტინიც ვერ უარყოფს რუსული სამხედრო ძალების სისუსტეს, მას შემდეგ რაც მათ უკრაინაში მოპოვებული ტერიტორიის ნახევარზე მეტი უკან დახევის შემდეგ დათმეს. მათივე თქმით, უამრავი წარუმატებლობის შემდეგ, კრემლში უფრო რეალისტურები გახდნენ მათი ამბიციების შესახებ, რადგან მიხვდნენ, რომ ამ სიტუაციაში არსებული ფრონტის ხაზის შენარჩუნებაც კი მიღწევა იყო.
მათივე ინფორმაციით, პუტინს კვლავ სჯერა, რომ რუსეთის მრავალრიცხოვანი ძალები და მათი მზაობა, მიიღონ დანაკარგები (რომელიც უკვე ათეულობით ათასია, ყველაზე მეტი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ) მისცემს რუსეთს შესაძლებლობას, რომ საბოლოოდ გაიმარჯვოს, მიუხედავად ამდენი მარცხისა.
ამას ამბობს, R.Politik-ის დამფუძნებელი, ტატიანა სტანოვა. მისი შეფასებით, პუტინი იმედგაცრუებულია, თუ როგორ მიმდინარეობს სიტუაცია, მაგრამ ის ჯერ კიდევ არ არის მზად მიატოვოს მისი მიზნები. რაც იმას ნიშნავს, რომ "ახალი გზა უფრო გრძელი, უფრო სისხლიანი და რთული იქნება ყველასთვის".